კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შიო ხეცურიანის ბრალდებას საგანგებო განცადებით გამოეხმაურა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შიო ხეცურიანის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ფედერაცია აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში არსებულ მის წევრ ყველა რეგიონულ ფედერაციასთან 2017 წლის აპრილიდან. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ორი წლის განმავლობაში და მისი მოქმედება დაიწყო შესაბამისი ფინანსური სახსრების გარანტირებული უზრუნველყოფის შემდეგ. ხელშეკრულებებში გაწერილია, რომ რეგიონული ფედერაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა მოხმარდეს რეგიონში ბავშვთა კალათბურთის განვითარებას, დანარჩენი – ადმინისტრაციულ ხარჯებს. ამის მიზეზია ის, რომ რეგიონული ფედერაციები ვერ იძიებენ სათანადო სახსრებს, რათა საკმარისი რაოდენობით ჩაატარონ ბავშვთა საკალათბურთო ღონისძიებები.
ხეცურიანის მიერ გაკეთებული ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადება არის მცდელობა, რომ გადაიფაროს ის სიყალბე და ძალადობა, რომელიც მისმა აქტიურმა მხარდამჭერმა და თანამზრახველმა ზვიად ბაბიაშვილმა ცოტა ხნის წინ ჩაიდინა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის არჩევნების დროს. ბაბიაშვილმა ძალადობის გზით და ყოველგვარი იურიდიული ნორმების დარღვევებით მიიტაცა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობა. თუმცა, აღნიშული ორგანიზაციის ყოველგვარი იურიდიული და ზნეობრივი ნორმების დარღვევებით შეცვლილი პრეზიდენტის იოსებ ხაჩიურის საჩივრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ზვიად ბაბიაშვილს შეუჩერდა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის უფლებამოსილება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს 2017 წლის 11 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას სამართლიან და ადევატურ გარემოში“ – აღნიშნულია მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებაში.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფედერაცია მმართველობიდან სამი წლისა 11 თვის თავზე შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების კავშირთან მემორანდუმს არ უნდა აფორმებდეს, რადგან ეს პირდაპირი გაგებით, მათი მოსყიდვაა.