საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა შეიძინეს
საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა შეიძინეს

NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს. მათი თქმით, ეს სპორტის, კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით გააკეთეს.

„მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ განვითარებისთვის. მისი წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში დიდია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს „დინამოს“. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალად აღვზარდოთ” – ამბობს ზაზა ფაჩულია, რომელმაც საკუთარი საკალათბურთო აკადემია სამი წლის წინ გახსნა.

მოკლე პერიოდში დახვეწილი და პროგრესირებადი აკადემიის მიზანი საქართველოში კალათბურთის განვითარება, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის მოთამაშეების გაზრდა, ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესებაა. განსაკუთრებით წარმატებული იყო 2018 წლის სეზონი, როდესაც ზაზას აკადემია საქართველოში U 18, U 16 და Junior NBA-ს ჩემპიონი გახდა.

აკადემიის დაარსებამდე ზაზა ყოველწლიურად ატარებდა საქართველოში საკალათბურთო კემპებს და იყო ელჩი სპორტის იმ სახეობაში, რომელიც ზაზას წარმატების გამო უამრავმა ბავშვმა შეიყვარა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის სახე და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი. მის ღირსებას იცავდნენ ოლიმპიური ჩემპიონები მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე. კლუბი, რომელიც პერმანენტულად გადიოდა და გადის ევროტურნირებზე.