კახა კუკავა - სატელევიზიო დებატებში სალომე ზურაბიშვილს ვიწვევ, ეს დებატები კორექტული და პერსონალური შეურაცხყოფისგან დაცლილი იქნება
კახა კუკავა - სატელევიზიო დებატებში სალომე ზურაბიშვილს ვიწვევ, ეს დებატები კორექტული და პერსონალური შეურაცხყოფისგან დაცლილი იქნება

მინდა სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ გავარკვიო ის, რისი პირდაპირი მტკიცებულებებიც არსებობს და, რაც მან უარყო, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„სატელევიზიო დებატებში სალომე ზურაბიშვილს ვიწვევ. ეს დებატები ძალიან კორექტული და პერსონალური შეურაცხყოფისგან დაცლილი იქნება. მინდა, მასთან პოლემიკა გავმართო საკითხზე, ებრძოდა თუ არა ის საქართველოს პირველ პრეზიდენტს და არწმუნებდა თუ არა დასავლეთის ქვეყნებს, ე.წ დიქტატორ გამსახურდიას პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობა არ ეცნოთ“, – განაცხადა კუკავამ.

როგორც კუკავამ აღნიშნა, მეორე კანდიდატი, რომელიც იმ ბლოკში არ იქნება, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს, გრიგოლ ვაშაძეა და დებატების გამართვა მასთანაც სურს, რადგან არსებობს სერიოზული წინაპირობა, ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან არის შეკრული.

„ხელისუფლება უახლოეს დღეებში სოციოლოგიური კვლევის მონაცემებს გამოაქვეყნებს და გამზადებულია სქემა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და დავით ბაქრაძე დატოვონ, გრიგოლ ვაშაძესთან კი თემა მოგვარებულია. ვაშაძე არჩევნებში გამარჯვებულ ამ ორ კანდიდატს მიულოცავს“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სისტემური ოპოზიციის როლი არაერთხელ შეასრულა და გრიგოლ ვაშაძესთან პირისპირ საუბარი ამ საკითხზე სურს, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართულ ოცნებას“ გაყალბებული არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ „გაუპრავოს“.