არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა კოალიცია „ეროვნული ფრონტი“ ჩამოაყალიბა და თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა კოალიცია „ეროვნული ფრონტი“ ჩამოაყალიბა და თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინა

პარტიებმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული არჩევანი“, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალი საქართველო“ კოალიცია ,,ეროვნული ფრონტი” ჩამოაყალიბეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინეს.

მათი თქმით, კოალიცია ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანდა. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ზაზა ხატიაშვილი ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტისთვის მისაღები კანდიდატია,  არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან და შეძლებს არჩევნებში „ქართული ოცნების დამარცხებას“.

„კოალიციაში გაერთიანებულია ოთხი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თბილისის მერობის კანდიდატად საზოგადოებას ზაზა ხატიაშვილი წარუდგინა. „ეროვნული ფრონტი“ არ იქნება მექანიკური გაერთიანება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ორი საკითხი. პირველი – მთელი ქართული საზოგადოება რამდენი წელია უკვე საუბრობს, რომ პოლიტიკური სივრცე მონოპოლიზებული აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. არის კიდევ ბევრი ადამიანი, რომლებსაც არ უნდათ არც დღევანდელი ხელისუფლება, არც წინა ხელისუფლების რევანში. გვინდა, ყველა ამ ადამიანისთვის „ეროვნული ფრონტი“ გახდეს როგორც საკუთარი სახლი. მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არ გვაინტერესებს ვინ 3 პროცენტი აიღო, ვინ 7 პროცენტი, ვინ 0.7 და ვინც საერთოდაც არასამთავრობო ორგანიზაციაა, მობრძანდით, „ეროვნული ფრონტის“ კარი თქვენთვის არის ღია. ჩვენი კოალიციის ამბიციააა, რომ გავაერთიანოთ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კარგად ხვდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ჭაობი და წინა ხელისუფლების რევანში არის ასევე ჩიხი. „ეროვნული ფრონტის“ უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა კახა კუკავამ.