კახა კუკავა - როდესაც რეჟიმი უარყოფს არჩევნებს, როგორც ხელისუფლების შეცვლის გზას, პარლამენტში ოპოზიციის ერთადერთი ფუნქცია დეკორაციაა
კახა კუკავა - როდესაც რეჟიმი უარყოფს არჩევნებს, როგორც ხელისუფლების შეცვლის გზას, პარლამენტში ოპოზიციის ერთადერთი ფუნქცია დეკორაციაა

როდესაც რეჟიმი უარყოფს არჩევნებს, როგორც ხელისუფლების შეცვლის გზას, პარლამენტში ოპოზიციის ერთადერთი ფუნქცია დეკორაციაა, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამიტომ, ოპოზიცია პარლამენტში, დღეს არის ხელისუფლების იარაღი. მათ ჰყავთ 90 დეპუტატი, ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენიც უნდოდათ, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ. როდესაც არის შეფუთული ავტორიტარიზმი, ჩვენი ფუნქცია არ არის, დეკორაციის როლი შევასრულოთ. ჩვენ ნიღაბი უნდა ჩამოვხსნათ და დასავლეთის საზოგადოების წინაშე ივანიშვილი ზუსტად ისე უნდა წარმოვაჩინოთ, როგორიც არის ლუკაშენკო“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, საქართველოში, თუ პროცესი ქუჩაში არ გადადის, პარლამენტში ოპოზიციას ექცევიან, როგორც ტერორისტებს.

„პარლამენტის თავმჯდომარე რომ იტყვის – გირტყამთ, გაგანადგურებთ და მოგსპობთო, იმ ქვეყანაში გინდათ, თქვათ, რომ პარლამენტი არსებობს? ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიცია იმისთვის სჭირდება, რომ უცხოელი სტუმარი რომ ჩამოვა, ანახონ, როგორც ეგზოტიკური ცხოველები და გააღიმონ, ნახეთ, ჩვენი ოპოზიციაო. ჩვენ ამ ფუნქციას არ შევასრულებთ“, – განაცხადა კუკავამ.

როგორც კუკავამ აღნიშნა, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ერთადერთი სწორი ფორმა არის რადიკალური და უკომპრომისო ბრძოლა.

„გასულმა რვა წელმა გვაჩვენა, რომ ამ ხელისუფლებისგან სალამური არ გამოითლება. ეს არის ბოლომდე კორუფციის ჭაობში ჩაძირული რეჟიმი, რომელსაც იქიდან ამოსვლა არც სურს. მათ რომ ამის სურვილი ჰქონდეთ, ჩვენ, ოპოზიცია თუ საზოგადოება შეიძლებოდა, ამ ჭაობიდან ამოსვლაში მივხმარებოდით“, – განაცხადა კუკავამ.

კუკავამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ამირას მანდატი ირაკლი კობახიძეს აქვს, არჩილ თალაკვაძე კი მოლაპარაკებებზე დადის, როგორც ბუტაფორია.

„უცნაურად არ გეჩვენებათ, პოლიტიკურ პროცესში საერთოდ რომ არ მონაწილეობს ქვეყნის პრემიერი, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით მთავრობის მეთაურია? რატომ? – იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. როცა ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკება რეალურად დაიწყოს, იქ კობახიძე აღარ იქნება მომლაპარაკებელი“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, „ჩვენ უნდა გავიაროთ იგივე გზა, რაც 1990 წელს ეროვნულმა მოძრაობამ გაიარა, როცა რკინიგზა გადაკეტა, მაშინდელ კომუნისტებს თავისუფალი არჩევნები დაანიშნინა და საარჩევნო კოდექსი შეაცვლევინა“.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კრიზისისთვის გაწირვა, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ოპოზიციის მთავარი მოკავშირე პანდემია და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ლეგიტიმაციის ნაკლებობით ვერ გაუძლებს, კახა კუკავამ განაცხადა, რომ პანდემია ვიღაცისთვის პრობლემაა, ვიღაცისთვის კი გამოწვევა.

„თუ ხელისუფლებაში უუნარო და კორუმპირებული რეჟიმია, თავის უუნარობას ის ყოველთვის ყველაფერს დააბრალებს, ხოლო როცა უნარიანი ხელისუფლებაა, მაშინ რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება. პანდემია ვიღაცისთვის პრობლემაა, ვიღაცისთვის კი გამოწვევა. იმ ქვეყნებში, სადაც რეფორმატორი მთავრობები ჰყავთ, პანდემიაში შესაძლებლობა დაინახეს და ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმოების და ინდუსტრიის გადატანა ხდება“, – განაცხადა კახა კუკავამ.