„თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინა
„თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინა

კოალიცია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ თბილისის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზაზა ხატიაშვილი იქნება. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, პარტიამ კანდიდატი ექვს რაიონში წარადგინა: ჩუღურეთი – გიორგი ელყანიშვილი; სამგორი – ლალი ფერაძე; ვაკე – შოთა რატიანი; მთაწმინდა – ლევან პაპაშვილი; საბურთალო – ფრიდონ სიხუაშვილი და ნაძალადევი – კახა კუკავა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის ერთადერთი არხი, რომელმაც ბოიკოტი არ გამოუცხადა „თავისუფალ საქართველოს“ და აშუქებს ყველა საარჩევნო კამპანიას. ჩვენი გუნდი არის არასისტემური, განსხვავებული, რის გამოც სამთავრობო არხებმა, „იმედმა“ და „მაესტრომ“, ასევე ოპოზიციურმა არხებმა, „მთავარმა“ და „ტვ პირველმა“ გამოუცხადეს ჩვენს ყველა ღონისძიებას ბოიკოტი.

წარვადგინეთ თბილისის მერის პოსტზე ზაზა ხატიაშვილი. ის არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის პოზიციები ემთხვეოდა ქართული საზოგადოების პოზიციებს, იქნებოდა ეს ნამახვანჰესის მშენებლობა, ლგბტ პრაიდი თუ იძულებითი ვაქცინაცია. დანარჩენ კანდიდატებს არავის ვერჩი, მაგრამ მათ რამე პროგრამული განსხვავება არ აქვთ, უბრალოდ ყველას უნდა მერობა. თუ უნდათ რეალური ცვლილებები, მერი, რომელიც ხალხის მხარეს იქნება ნებისმიერი კრიზისის დროს, ზაზა ხატიაშვილი იქნება საუკეთესო“,- განაცხადა პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ.