კახა კუკავა - სალომე ზურაბიშვილი დებატებში მონაწილეობას მიიღებს „გირჩთან“, ლილუაშვილთან და სხვა კანდიდატებთან და არა თავის მთავარ ოპონენტებთან, რაც არსად არ ხდება
კახა კუკავა - სალომე ზურაბიშვილი დებატებში მონაწილეობას მიიღებს „გირჩთან“, ლილუაშვილთან და სხვა კანდიდატებთან და არა თავის მთავარ ოპონენტებთან, რაც არსად არ ხდება

შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ თავისი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამალა, ის დებატებში მონაწილეობას მიიღებს „გირჩთან“, ლილუაშვილთან და სხვა კანდიდატებთან და მონაწილეობას არ მიიღებს თავის მთავარ ოპონენტებთან, რაც არსად არ ხდება – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„შეუძლებელია, ტერეზეა მეიმ ისეთი მექანიზმი მოიგონოს, რითაც ჯერემი კორბის დაემალება“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, ჯობდა, უკეთესი ფორმატები ყოფილიყო, ისე როგორც ევროპულ ქვეყნებშია, სადაც კანდიდატები პირველ, მეორე და მესამე ლიგად დაყოფილი არ არის, რაც, რა თქმა უნდა, მათ შორის, კანონმდებლობით შექმნილი ანომალიური ვითარებაა და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხისმგებლობის სფერო.

ამ განცხადებით კახა კუკავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის საკმარისი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული სატელევიზიო ფორმატები იმისთვის, რომ კანდიდატებმა ამომრჩევლებს თავიანთი პროგრამები და ხედვა დეტალურად, სრულად გააცნონ. 

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, სხვა რა მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ კანდიდატთა დაჯგუფება მისთვის მისაღები იყოს, კახა კუკავამ განაცხადა, რომ ერთ ბლოკში უნდა დაჯგუფებულიყო ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში რეალურად მონაწილეობენ.

„ვფიქრობ, პირველ ბლოკს ვაშაძე და ზურაბიშვილი უნდა დაემატოს და ეს იქნება სრული ნაკრები იმ კანდიდატებისა, რომელთა შორის რეალური კონკურენცია მიმდინარეობს. დანარჩენებისთვის, რომლებსაც ეს არჩევნები დილის გამამხნევებელი ვარჯიშებივით აქვთ წარმოდგენილი, შეგეძლოთ, ცალკე ბლოკი დაგეთმოთ“, – განაცხადა კუკავამ.

კახა კუკავამ სატელევიზიო ფორმატების შეთავაზებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ვითარების გამოსწორების მიზნით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კარგი შეთავაზება გააკეთა, რითაც შესაძლებელია, კანდიდატებმა ერთმანეთი დებატებში გამოიწვიონ და ურთიერთთანხმობის შემთხვევაში, მათ მაუწყებლის ეთერი დაეთმოთ.

პირველი არხი მზად არის, საეთერო დრო ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 28 ოქტომბრამდე ტრადიციული ფორმატის სამი დებატი გაიმართება.

ხვალიდან 25 ოქტომბრამდე „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში თითოეულ კანდიდატს საშუალება ეძლევა, ამომრჩევლებს 10-10 წუთის განმავლობაში საკუთარი ხედვა გააცნოს.