კახა კალაძე - ხანძართან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია
კახა კალაძე - ხანძართან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებს, რომელთა საქონელი ხანძარს გადაურჩა, ცენტრის ადმინისტრაცია ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს. ამასთან, მისი თქმით, ხანძრის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავაჭრო ცენტრის აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყება.

ცაბაძის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს დროული რეაგირებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს იმ საღამოს და თითოეულ მათგანს მინდა მადლობა ვუთხრა. მოგეხსენებათ, დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გუშინვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები.

„გარდა ამისა, მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას, დაიწყება სავაჭრო ცენტრის აღდგენითი სამუშაოები, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს ფუნქციონირება. თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთაც საქონელი გადაურჩათ, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სთავაზობს ალტერნატიული ფართებს, რათა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა დამწვარი ფართის აღდგენამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობი დაიწვა.