კახა გვანცელაძე - ბაღებში ღვინის შეფუთვით შეტანილი რძე სრულიად უსაფრთხო იყო
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღში ერთ-ერთი კომპანიის მიერ ღვინის შეფუთვის მქონე რძის შეტანის საკითხზე განმარტება გააკეთა.
როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, რძე იყო სრულიად უსაფრთხო, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა, ხოლო შეცდომა კომპანიის მუყაოს შეფუთვის დეფიციტით იყო გამოწვეული.
„ერთ-ერთი კომპანიის მიერ ბაღებში შეტანილი რძე სრულიად უსაფრთხო იყო და ეს დაადასტურა როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტომ, ასევე დადასტურდა ლაბორატორიული კვლევით, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ.
რაც შეეხება შეფუთვას, ჩვენი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ შეფუთვა იყო სხვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პროდუქტი იყო საფრთხის შემცველი.
როგორც განგვიმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ შეექმნათ დეფიციტი უშუალოდ რძის მუყაოს შეფუთვის, გამოიყენეს ეს შეფუთვა”, – განაცხადა გვანცელაძემ.
კითხვაზე, ხდება თუ არა ღვინისა და რძის შენახვა ერთნაირ პირობებში, გვანცელაძემ აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს განმარტებით, ტეტრაპაკის შეფუთვა არის უმაღლესი ხარისხის და გამოიყენება ნებისმიერი პროდუქტისთვის.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს. როგორც ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროდუქტი მოთავსებული იყო ერთჯერად პაკეტში, რომელიც ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მას რძის პროდუქტის ეტიკეტი არ ჰქონდა.