კახა გვანცელაძე - თბილისის არც ერთ საჯარო ბაღში საკვებით მომარაგებაში შეფერხება არ არის
კახა გვანცელაძე - თბილისის არც ერთ საჯარო ბაღში საკვებით მომარაგებაში შეფერხება არ არის

თბილისის არც ერთ საჯარო ბაგა-ბაღში საკვებით მომარაგებაში შეფერხება არ არის, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გვანცელაძის თქმით, კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებმა თავად უზრუნველყვეს ხელშეკრულებების გაფორმება სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან და აღსაზრდელები მენიუსა და სტანდარტების შესაბამისად არიან კვებით უზრუნველყოფილი.

„არის მცდელობა, პოლიტიკურად მოტივირებული პირების მხრიდან, რომ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბაღების აღსაზრდელებს არ მიეწოდებათ კვება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საკვები პროდუქტები შეუფერხებლად მიეწოდება სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებას და ამ კუთხით პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს,“ – განაცხადა გვანცელაძემ.

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რის მიზეზადაც კომპანიის მიერ მომარაგების პროცესში არსებული შეფერხებები დასახელდა. შესაბამისად, დღეიდან, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, საკვებით მომარაგება თავად ბაგა-ბაღებს მოუწევთ.