კახა გვანცელაძე - ბაღებს ყველანაირი ხარჯისთვის აქვთ დაფინანსება, მასწავლებლებისთვის თანხების შეგროვება კანონდარღვევაა
კახა გვანცელაძე - ბაღებს ყველანაირი ხარჯისთვის აქვთ დაფინანსება, მასწავლებლებისთვის თანხების შეგროვება კანონდარღვევაა

წელს თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების თითოეული აღსაზრდელი, ტრადიციულად, სასაჩუქრე ნაკრებებს მიიღებს. ტენდერი, რომელიც კონტრაქტორ კომპანიას გამოავლენს, დასრულების სტადიაზეა, – ამის შესახებ პირველ არხს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საახალწლო ზეიმისთვის, თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისზე თითოეული ბაღისთვის საშუალოდ 1000 ლარია გამოყოფილი. წლიური ბიუჯეტის 3% კი ბაღს აქვს თავისუფალი განკარგვისთვის. აქედან გამომდინარე, გვანცელაძის თქმით, მშობლების მიერ თანხის შეკრების აუცილებლობა არ არსებობს და მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, თანხის ან ძვირფასი საჩუქრების მიღება მასწავლებლების მხრიდან უკანონო შემოსავლის მიღებას ნიშნავს, რაც შესაბამის სამართლებრივ სანქციებს ითვალისწინებს.

როგორც გვანცელაძე ამბობს, მშობლების მხრიდან სააგენტოსთან არასათანადო თანამშრომლობის გამო მსგავს ფაქტებზე სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის მიმართვის შემთხვევა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში არ დაფიქსირებულა.

„ეს არის ცალსახად უკანონო შემოსავალი. მსგავსი საჩივრებით სააგენტოში არაერთხელ დაურეკავთ მშობლებს, მაგრამ, როდესაც საქმის შესწავლა დავიწყეთ, მათ აღარ ითანამშრომლეს ჩვენთან. ასე კი შედეგს ვერ მივაღწევთ და მსგავს მანკიერ პრაქტიკას ვერ აღმოვფხვრით. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ბაღს აქვს საკმარისი ბიუჯეტი ნებისმიერი სახის ხარჯისთვის, რომელსაც ბაღი საკუთარი სურვილით განკარგავს. ეს არის წლიური ბიუჯეტის 3%, რაც არ არის მცირე თანხა, რადგან ზოგიერთი ბაღის დაფინანსება მილიონს შეადგენს. მოვუწოდებ მშობლებს, ითანამშრომლონ სააგენტოსთან, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ ამოვძირკვოთ,“ – განაცხადა გვანცელაძემ.

დატოვე კომენტარი