ირაკლი ბენდელიანი - საბავშვო ბაღში აღმოჩნდა ღვინის ეტიკეტით შეფუთული რძე, რის გამოც კომპანიას მითითება მიეცა
ირაკლი ბენდელიანი - საბავშვო ბაღში აღმოჩნდა ღვინის ეტიკეტით შეფუთული რძე, რის გამოც კომპანიას მითითება მიეცა

მერია და ბაღების მართვის სააგენტო ორიენტირებული არიან ბაღებისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე, ჩვენს მიერ მოხდება ყველა მცირე ხარვეზზე რეაგირება, არანაირ გადაცდომას და ხარვეზს არ შევეგუებით, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი პერიოდულად ახორციელებს ბაღებში საკვები პროდუქტების შემოწმებას.

მისივე თქმით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გუშინ რამდენიმე ბაღში აღმოაჩინეს სხვა პროდუქტის ეტიკეტით შეფუთული რძის პროდუქტი, რის გამოც კომპანიას მიეცა მითითება, რომ გამოსწორებულიყო ხარვეზები.

“კომპანიიდან მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქტის შეფუთვა სრულად ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ ამოწურული იყო რძისთვის საჭირო შესაფუთი მასალა. უახლოეს პერიოდში მოხდება ხარვეზის გამოსწორება. მერია და ბაღების მართვის სააგენტო ორიენტირებული არიან ბაღებისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და ჩვენს მიერ მოხდება ყველა მცირე ხარვეზის გამოსწორება. არანაირ გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით. იქნება ადეკვატურ რეაგირება”- განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რძესთან დაკავშირებით მერიამ უკვე მიმართა ლაბორატორიას და შემოწმდება.

“უახლოეს დღეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, გავაგრძელებთ კომპანიასთან საქმიანობას, თუ იქნება უარყოფითი, კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული დაცვით”, – განაცხადა ბენდელიანმა და აღნიშნა, რომ ბაღებში საკვები პროდუქტის მონიტორინგი სისტემატურად, ყოველდღიურად ხდება.

მისივე თქმით, რადგან საქმე ბავშვების კვებას ეხება, დღის განმავლობაში ბაღები გაუფრთხილებლად რამდენჯერმე მოწმდება.

გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სააგენტომ განახორციელა კომპანია “მილკოს” შემოწმება, რომელმაც რძით ბაღები მოამარაგა. გვაქვს უკვე სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან პასუხი, რომ ეს პაკეტი არის უსაფრთხო, ერთჯერადად საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი. შესაბამისად, აქ რაიმე საფრთხის შემცველ გარემოებაზე საუბარი არ არის. პაკეტზე მხოლოდ დიზაინია გაკეთებული, რომ ის განკუთვნილია ღვინისთვის, პაკეტის შემადგენლობა უსაფრთხოა. მსგავს პაკეტში ხდება რძის პროდუქტის შეფუთვაც”, – განაცხადა ბენდელიანმა.

მერის მოადგილე აცხადებს, რომ ახალი შეფუთვით რძე ბაღებში მომავალი კვირიდან შევა.

გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღში ღვინის ეტიკეტით შეფუთული რძე შეიტანეს.