თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აცხადებს, რომ ბაღებში დასწრების მაჩვენებელი არ შემცირებულა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აცხადებს, რომ ბაღებში დასწრების მაჩვენებელი არ შემცირებულა

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი არ შემცირებულა და ეს მონაცემი 40-დან 60 პროცენტამდე მერყეობს, არანაირი პანიკა მშობლებს შორის არ შეინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათი თქმით, დასწრების მსგავსი მაჩვენებელი მიმდინარე სეზონისთვის დამახასიათებელია და რამე ცვლილება დღეს არ დაფიქსირებულა.

ამასთან, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და სააღმზრდელო პროცესი არ წყდება.  რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, გვანცელაძის თქმით, ბაღებში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც უშუალოდ დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა.

„ვრცელდება სხვადასხვა ფლაერი და ვაწვდით რეკომენდაციებს მშობლებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბაღებში, დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ნიავდება ოთახები, დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის ნორმების დაცვას. დასწრებას რაც შეეხება, ბავშვების დასწრების დონე მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პანიკა ბაღებში ნამდვილად არ არის. სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება,“ – განაცხადა გვანცელაძემ.

დატოვე კომენტარი