თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან, მშობლების მოთხოვნით, ღომი და ​ჩიხირთმა ამოიღეს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან, მშობლების მოთხოვნით, ღომი და ​ჩიხირთმა ამოიღეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მენიუ შეიცვალა. ცვლილებები იანვრიდან, ზამთრის არდადეგების შემდეგ ამოქმედდა.

როგორც დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ პირველ არხს განუცხადა, კვების რაციონში გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები – რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. ასევე დაემატა ბოსტნეულის სახეობები – ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი.

კახა გვანცელაძის განმარტებით, ცვლილებების შედეგად, საკვებს დაემატა აუცილებელი ვიტამინები და მინერალები და საუზმე გახდა მრავალფეროვანი, სამკომპონენტიანი, რაც ბავშვს არჩევანის საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება სადილს, როგორც გვანცელაძე ამბობს, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, რაციონიდან ამოღებულია შემდეგი კერძები: სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ ფაფა და ღომი, ასევე ამოღებულია ​ჩიხირთმის წვნიანი.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, გამოცხადებული ტენდერით შესყიდული მომსახურების ღირებულება 38 109 000 ლარია.

კომპანია, რომელიც ამარაგებს ბავშვებს საკვები პროდუქტებით, ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს ნარჩენების გატანა და მართვა.