კახა გოგოლაშვილი - მგონია, ნატო დაიწყებს თანდათანობით შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე, თუ დაინახავენ, რომ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები ამოწურულია
კახა გოგოლაშვილი - მგონია, ნატო დაიწყებს თანდათანობით შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე, თუ დაინახავენ, რომ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები ამოწურულია

მგონია, რომ ნატო დაიწყებს თანდათანობით შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე, თუ დაინახავენ, რომ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები ამოწურულია, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ დაინახავენ, რომ არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც უკრაინაში უკვე სახეზეა და უფრო ღრმავდება. მე ძალიან არ მინდა, ეს მოხდეს, მაგრამ რადგან რუსეთი მთელ თავის რესურსებს ასე დაუზოგავად იყენებს, საქმე აქეთკენ მიჰყავთ. ამ შემთხვევაში მგონია, რომ უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნები შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას, ზუსტად ისე, როგორც სანქციებთან მიმართებაში მოხდა. თავიდან, ასეთი დრაკონული სანქციების დაწესებაზე არ იყო კონსენსუსი წევრ ქვეყნებში, მაგრამ საბოლოო ჯამში, რომ დაინახეს, რომ სიტუაცია ძალიან დრამატულ ხასიათს იძენს, ეს საკითხი უცებ მოგვარდა. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც და კიდევ, რა თქმა უნდა, არის ბირთვული უსაფრთხოების საკითხიც. თავიდანვე რომ ეფიქრათ, ალბათ, ამის გაკეთება ომამდეც შეიძლებოდა, რომ რეაქტორების თავზე ზონები შეექმნათ. მაგალითად, ვიდრე რუსეთთან ომი დაიწყებოდა, შეიძლებოდა უკრაინის მთავრობის მოწვევით გარკვეული მეზობელი ქვეყნების ჯარები რომ შესულიყო იქ და დაეცვათ ბირთვული ობიექტები. ალბათ, შეიძლებოდა ამის უმტკივნეულოდ გაკეთება, მაგრამ მაშინაც ცდილობდნენ, რუსეთი არ გაეღიზიანებინათ. იმიტომ, რომ მაშინ შეიძლებოდა, უფრო ადვილად დაებრალებინა პუტინს, აი, ხომ ხედავთ, სხვადასხვა მიზეზის გამო უკვე ნატო-ს ჯარები შემოიყვანეს უკრაინაშიო“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ქმედითი შეიძლება, იყოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და შეაჩერებს თუ არა ეს სანქციები რუსეთის აგრესიას, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა არის ძალიან ინტერნაციონალიზებული და ასეთი სანქციების პირობებში ის ძალიან სწრაფად ჩამოიშლება, ან შესაძლოა, ხარისხის თვალსაზრისით 20-30 წლის წინანდელ დონეს დაუბრუნდეს.

„ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთისთვის. რაც შეეხება მყისიერ სიტუაციას, პრინციპში, ჩვენ გვადარდებს ის, რომ რუსეთი იმდენად სწრაფად დასუსტდეს, უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელება ვერ მოახერხოს. ეს არის ახლა მინიმალური ამოცანა. ამ შემთხვევაში შეიძლება, ამ სანქციების ყველაზე ძლიერი ელემენტი იყოს ფინანსური სანქციები, რომელიც პირდაპირ ურტყამს რუბლს და რუსეთში ფინანსურ სტაბილურობას, შესაძლებლობას, რომ სოციალური პროგრამები დააფინანსონ, რამაც შეიძლება, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. თუ ომი ცოტა ხანი მაინც გაგრძელდა, მაგალითად, ერთი თვე, რუსეთს გაუჭირდება შემდეგ გაგრძელება, რადგან უდიდესი პრობლემები შეექმნება ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.