უკრაინა ომის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციებს დროებით ტოვებს
უკრაინა ომის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციებს დროებით ტოვებს

უკრაინა ომის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციებს დროებით ტოვებს. ამის შესახებ უკრაინამ უკვე ოფიციალურად აცნობა ევროპის საბჭოს.

შესაბამისი დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, ეს განაცხადი უკრაინამ 4 აპრილს გააკეთა. დოკუმენტის მიხედვით, ომის პერიოდში უკრაინა კონვენციების ისეთი მუხლების შესრულებას შეწყვეტს, როგორებიცაა: საცხოვრებლის ხელშეუხებლობა, მიმოწერის, სატელეფონო საუბრების და სხვა კორესპონდენციების საიდუმლოება, პირად ან საოჯახო ცხოვრებაში ჩაურევლობა, გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი ადგილის არჩევანის თავისუფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, მიტინგების, შეკრებების და გაფიცვების გამართვის უფლება, საკუთარი ქონების გამოყენების და განკარგვის უფლება.

ამავე დოკუმენტში ჩამოთვლილია კონკრეტული ზომები და ქმედებები, რომლებიც შეიძლება იყოს გატარებული საომარი მდგომარეობის დროს კონვენციების დარღვევით. ესენია: სახელმწიფოს საჭიროებისთვის კერძო ან კომუნალური ქონების გასხვისება, კომენდანტის საათის დაწესება, მიმოსვლის სპეციალური რეჟიმის დაწესება, მოქალაქეების და უცხოელების გადაადგილების შეზღუდვა, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, სამხედრო ან სპეციალურ აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეთა ნივთების, ტრანსპორტის, ბარგის, ტვირთის, სამუშაო შენობების და საცხოვრებლის დათვალიერება, საცხოვრებელი ადგილის ნებართვის გარეშე შეცვლა, სამხედრო მოსაკრებლის დაწესება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

რუსეთის შეჭრის გამო უკრაინაში ამ ეტაპზეც მოქმედებს საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის რეჟიმი.