უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინიდან უკანონოდ გასვლის მცდელობისას, 30-მდე უკრაინელი მამაკაცი დაიღუპა
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინიდან უკანონოდ გასვლის მცდელობისას, 30-მდე უკრაინელი მამაკაცი დაიღუპა

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან უკანონოდ გასვლის მცდელობისას 30-მდე უკრაინელი მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

„ზოგიერთი დაიღუპა მთის მდინარის გადალახვის ან მთებზე გადასვლის მცდელობისას. საერთო ჯამში, სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან 30-მდე ადამიანი დაიღუპა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას“, – განაცხადა სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრი დემჩენკომ.

მათივე ცნობით, 24 მამაკაცი უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე, მდინარე ტისას გადაკვეთისას დაიღუპა.

გამონაკლისის გარდა, 18-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქე მამაკაცებს საომარი მდგომარეობის გამო ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. დემჩენკოს ცნობით, ომის დაწყებიდან სასაზღვრო სამსახურმა გამოავლინა 450-მდე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც ადამიანებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდნენ. მანამდე, აპრილში დემჩენკომ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის უკანონოდ დატოვების მცდელობისას ყოველდღიურად ათამდე მამაკაცს აჩერებენ.