„კაცობრიობის აკვანში“ აღმოჩენილი ნამარხები სავარაუდოდ მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება
„კაცობრიობის აკვანში“ აღმოჩენილი ნამარხები სავარაუდოდ მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მღვიმეებში აღმოჩენილი ჰომინინების მრავალი ნაშთი შეიძლება იმაზე გაცილებით ძველი იყოს, ვიდრე წინა შეფასებები მიუთითებდა.

სტერკფონტეინის კირქვის მღვიმეთა სისტემა იოჰანესბურგის სიახლოვეს მდებარეობს და გასულ საუკუნეში იქ ჰომინინთა გვარის ავსტრალოპითეკის იმდენი უძველესი ძვალი აღმოაჩინეს, რომ მას „კაცობრიობის აკვანი“ უწოდეს; ძეგლი უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის ევოლუციის შესასწავლად.

დათარიღების ახალი მეთოდი მიუთითებს, რომ ძვლები თითქმის ოთხი მილიონი წლის წინანდელია — უფრო ძველი, ვიდრე ავსტრალოპითეკ აფარენსისის სახელგანთქმული წარმომადგენელი ინდივიდი „დინკინეში“, ზედმეტსახელად ლუსი.

„სტერკფონტეინში გაცილებით მეტი ავსტრალოპითეკის ნამარხია, ვიდრე მსოფლიოში სხვაგან სადმე. თუმცა, მათი დათარიღება ძნელია. ადრე მათ სიახლოვეს აღმოჩენილი ცხოველების ნამარხები შეისწავლეს და მათი ასაკები მღვიმის მახასიათებლებისას შეადარეს, მაგალითად, ჩამონაღვენთების; შედეგად მიიღეს მრავალი სხვადასხვა თარიღი. ჩვენმა მონაცემებმა ეს შეუსაბამობები გადაჭრა. აჩვენა, რომ ეს ნამარხები ძველია — გაცილებით ძველი, ვიდრე თავიდან ვფიქრობდით“, — ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის გეოლოგი და გეოფიზიკოსი დარილ გრეინჯერი.

უძველესი ნაშთების დათარიღება ადვილი არ არის, განსაკუთრებით მღვიმეებში. დინკინეშის ასაკი 3,2 მილიონი წლით განისაზღვრა; ეს იმ ქანებში არსებული ვულკანური ფერფლის რადიომეტრული დათარიღების საშუალებით მოხერხდა, რომელშიც ის აღმოაჩინეს. თუმცა, მღვიმეები გაცილებით ხელუხლებელი გარემოა, სადაც ვულკანური ფერფლი არ ცვივა.

სტერკფონტეინის კომპლექსური სისტემის წინა შეფასებები ეფუძნებოდა მღვიმეში აღმოჩენილ კალციტურ ჩამონაღვენთთა ასაკს. ის დაახლოებით 2 -2,5 მილიონი წლის წინ არის წარმოქმნილი.

თუმცა, ჩამონაღვენთები შეიძლება უფრო ძველ დანალექებზე წარმოიქმნას და როგორც ჩანს, სწორედ ასეა სტერკფონტეინის მღვიმეშიც.

სტერკფონტეინის ავსტრალოპითეკთა ნაშთების უმეტესობა აღმოაჩინეს გამოქვაბულში, სახელად Member 4. მას შემდეგ, რაც იქ სიღრუე მასალებით ამოივსო, გაჩნდა დანალექოვანი დეპოზიტი, რომელმაც ამ შემთხვევაში უძველეს ჰომინინთა ნაშთები შემოინახა. Member 4-ში აღმოჩენილია სახელგანთქმული თავის ქალა, სახელად „მისის პლე“, რომელიც ყველაზე კომპლექსური ეგზემპლარია ამ დრომდე აღმოჩენილ მის მსგავსთა შორის.

ადამიანის წინაპრები

სტერკფონტეინის კიდევ ერთი სახელგანთქმული ავსტრალოპითეკის ჩონჩხის, Member 2-ში აღმოჩენილი ინდივიდის, სახელად „პატარა ფეხის“ კვლევამ აჩვენა, რომ მისი ასაკი 3,67 მილიონი წელია. ამ დათარიღებაში გრეინჯერის მეთოდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვინაიდან სხვა დანალექთა ასაკები ჯერ კიდევ ცხელი დებატების საგანია, მან და მისმა კოლეგებმა მათი მეთოდები Member 4-ზეც გამოიყენეს.

გაქვავებული ნაღვენთების ან ახლომახლოს აღმოჩენილი სხვა ძვლების შესწავლის ნაცვლად, ჯგუფმა ის ქანი შეისწავლა, რომელშიც ავსტრალოპითეკის ნაშთები იყო გაქვავებული. კერძოდ, შეისწავლეს კვარში არსებული ორი იშვიათი იზოტოპის, ალუმინ-26-ისა და ბერილიუმ-10-ის რადიოაქტიური დაშლა.

„ეს რადიოაქტიური იზოტოპები, რომლებსაც კოსმოგენურ ნუკლიდებს უწოდებენ, წარმოიქმნება მაღალენერგიული კოსმოსური სხივების მიწისპირთან რეაქციით; მათი რადიოაქტიური დაშლა თარიღდება იმ პერიოდით, როცა ქანები მღვიმეში ჩაიმარხა, მას შემდეგ, რაც ისინი შესასვლელში ნამარხებთან ერთად მოხვდა“, — განმარტავს გრეინჯერი.

ამ იზოტოპების საფუძველზე, ჯგუფმა დაადგინა, რომ ის დანალექები, რომლებშიც ავსტრალოპითეკების ძვლები იყო, 3,4 – 4,7 მილიონი წლით თარიღდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დანალექებიდან ამოღებული ძვლები დაახლოებით ავსტრალოპითეკთა ხანის დასაწყისს ეკუთვნის და არა დასასრულს, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა.

მკვლევართა განცხადებით, ამის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ევოლუციის შესახებ ჩვენეულ გაგებაზე და მასში სტერკფონტეინის ადგილზე.

„ახალგაზრდა ჰომინინები, მათ შორის პარანთროპი და ჩვენი გვარი ჰომო, დაახლოებით 2,8 – 2 მილიონი წლის წინ გამოჩნდა. წინა სავარაუდო თარიღებზე დაყრდნობით, სამხრეთაფრიკული ავსტრალოპითეკის სახეობები ძლიერ ახალგაზრდები იყვნენ, რათა მათი წინაპრები ყოფილიყვნენ, ამიტომ უფრო სავარაუდოდ მიიჩნეოდა, რომ ჰომო და პარანთროპი აღმოსავლეთ აფრიკაში ჩამოყალიბდნენ“, — ამბობს არქეოლოგი დომინიკ სტრატფორდი.

ახალი შედეგები „პატარა ფეხის“ დათარიღებასთან შესაბამისობაშია და მიუთითებს, რომ ჰომო და პარანთროპი, რომლებიც ასევე აღმოჩენილია კაცობრიობის აკვანში, Member 4-ში აღმოჩენილი ინდივიდებისგან თითქმის მილიონი წლის შემდეგ გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გადაიხედოს მოვლენათა თანმიმდევრობა და მათი წარმართვის ადგილები.

„სტერკფონტეინის მღვიმეში ავსტრალოპითეკის შემცველი ქანების ხელახლა დათარიღება აუცილებლად ხელახლა გააჩაღებს დებატებს სტერკფონტეინის ავსტრალოპითეკის სხვადასხვა მახასიათებელთა შესახებ, ასევე იმის შესახებ, იყვნენ თუ არა სამხრეთაფრიკელი ჰომინინები უფრო გვიანდელი ჰომინინების წინაპრები“, — აღნიშნავს პერდიუს უნივერსიტეტის გეოლოგი და გეოფიზიკოსი დარილ გრეინჯერი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.