ჯუჯა პლანეტა ცერერა ერთ დროს ქვების პრიმიტიულ გროვად მიიჩნეოდა. თუმცა, სულ რამდენიმე წლის წინ, ნასას კოსმოსურმა ზონდმა Dawn-მა გამოავლინა, რომ ასტეროიდთა სარტყლის ამ ობიექტზე იმაზე გაცილებით ბევრი რამ იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
სწორედ ახლა იწყება იმის გარკვევა, მაინც რამდენ რამეს მალავს ეს ჯუჯა პლანეტა. ცერერა მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდთა სარტყელში მდებარეობს და ამავე დროს, წარმოადგენს მზის სისტემის უდიდეს ასტეროიდს; ამავე დროს, არის ნეპტუნის ორბიტამდე მდებარე ერთადერთი ჯუჯა პლანეტა.
Dawn-ის მონაცემების ახალი ანალიზის მიხედვით, ცერერას ოკეანური პლანეტაა. მას აქვს ზედაპირქვეშა მლაშე წყალი, რომელიც შეიძლება, მთელ ჯუჯა პლანეტაზე ივრცობოდეს.
ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ამძაფრებს ახალი მისიის გაგზავნის აუცილებლობას, რომელმაც ცერერა დეტალურად უნდა შეისწავლოს, რათა განსაზღვროს მისი სიცოცხლისუნარიანობის პოტენციალი და იქნებ არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებიც მოძებნოს.
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, ცერერას ორბიტაზე Dawn-ის მისვლამდე ჯერ კიდევ სამი წლით ადრე. ჯუჯა პლანეტასთან მიახლოებისას, 20 მილიონი წლის ასაკის დარტყმით კრატერში, ზონდმა დააფიქსირა უცნაური, ანომალიურად კაშკაშა წერტილები, რომლებსაც ჩირაღდნებს უწოდებენ.
მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს კაშკაშა ლაქები წარმოქმნილია ერთგვარი მარილის, ნატრიუმის კარბონატის მიერ.
აქ, დედამიწაზე, ნატრიუმის კარბონატი გვხვდება ოკეანის სიღრმეში, ჰიდროთერმულ ღრმულებში, სადაც წყალში სითბო ზღვის ფსკერზე არსებული ნაპრალებიდან ამოდის. მიუხედავად იმისა, რომ იქ მზის სინათლე ვერ აღწევს და შეუძლებელია ფოტოსინთეზი, რომელზეც არის დამოკიდებული დედამიწაზე სიცოცხლის დიდი ნაწილი, ეს ხვრელები სიცოცხლით სავსეა და კვების ჯაჭვი ეფუძნება ქემოსინთეზურ ბაქტერიებს, რომლებიც ენერგიას არა მზის სინათლის, არამედ ქიმიური რეაქციებისგან იღებენ.
თუმცა, ცერერას ნატრიუმის კარბონატის წყარო მეცნიერთა შორის კამათის საგნად რჩებოდა. იქნებ ის ზედაპირქვეშა ყინულიდან ამოდის, რომელიც ოკატორის დარტყმისას (სადაც შეეჯახა სხვა სხეული) სიცხემ გაადნო და მხოლოდ მოგვიანებით გაიყინა? ან იქნებ დარტყმის დროს იქ, სიღრმეში მლაშე წყლის ფენა იყო, რომელიც ზედაპირზე ამოვიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცერერა იმაზე ცხელი იყო, ვიდრე გვეგონა? იქნებ ეს მლაშე წყალი იქ დღესაც არის?
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა მიხედვით, ბოლო ორ კითხვაზე პასუხი როგორც ჩანს, არის ხაზგასმით — დიახ, რადგან მტკიცებულებათა რამდენიმე სარწმუნო ხაზი ყველა ერთი მიმართულებით მიანიშნებს.
შესწავლილი მონაცემები ხომალდმა Dawn-მა მისიის ფინალურ ფაზაში შეაგროვა. საწვავის ამოწურვამდე, ზონდი ცერერას ზედაპირიდან 35 კმ სიმაღლემდე ჩაეშვა და შეაგროვა საოცარი რეზოლუციის მონაცემები — 10-ჯერ უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე მისიის საწყისი ფაზების დროს, განსაკუთრებით კი ოკატორის კრატერის შესახებ.
ასეთ რეზოლუციაზე, Dawn-ს კრატერში და მის გარშემო გრავიტაციის ვარიაციები ჩაიწერა გეოლოგიური საზომების მასშტაბით. გრავიტაციის ვარიაციებისა და თერმული მოდელირების კომბინაცია კი მიუთითებს სიმკვრივის ცვალებადობებზე, რაც სავსებით შეესაბამება მლაშე წყლის ღრმა რეზერვუარს კრატერის ქვეშ.
ეს რეზერვუარი უნდა მობილიზებულიყო დარტყმის შედეგად წარმოქმნილი სიცხისა და დაბზარვის შედეგად, ამოფრქვეულიყო მაღლა და წარმოექმნა მარილის ის დეპოზიტები, რასაც დღეს ვხედავთ.
„გარდა ამისა, დავადგინეთ, რომ მანამდე არსებულ ტექტონიკურ ბზარებს სიღრმეში არსებული მლაშე წყლისთვის ქერქში ამოსასვლელი გზა უნდა გაეკვალა, გაეფართოვებინა დარტყმის შედეგად დაზიანებული რეგიონები და წარმოექმნა კომპოზიციური ჰეტეროგენულობა“, — წერენ მკვლევრები.
გრავიტაციისა და ფორმების მონაცემების კომბინირებით ჩატარებულმა მეორე კვლევამ კი დაადგინა, რომ ცერერას ქერქი საკმაოდ ფოროვანია, მაგრამ ეს ფოროვნება სიღრმეში მცირდება, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ქანები მარილს ერევა.
მიუხედავად იმისა, რომ კრატერი დაახლოებით 20 მილიონი წლისაა, არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ მის წვერზე არსებული მარილი გაცილებით ახალია. როგორც მაღალი რეზოლუციის ფოტოები მიუთითებს, ცერერას ყინულის ვულკანები შეიძლება აქტიური იყო ორი მილიონი წლის წინაც, დარტყმით კრატერში სიცხის გაფანტვიდან ათასწლეულების შემდეგ, რაც სიღრმეში მლაშე წყლის წყაროზე მიუთითებს.
ამ ყველაფერს მხარს უჭერს ერთი მოულოდნელი აღმოჩენა — უიშვიათესი მინერალის, ჰიდროჰალიტის არსებობა. სპექტრომეტრიით დგინდება, რომ ნატრიუმის ქლორიდის ეს ჰიდრატირებული ფორმა გვხვდება ოკატორის კრატერის ყველზე კაშკაშა წერტილის — ცერელია-ფაკულას გუმბათის ზედ მწვერვალზე.
ამ მინერალის შესახებ ძალიან სასაცილო რამ კი ის არის, რომ ის სინოტივეს მოითხოვს და შრება (დეჰიდრატაცია) საკმაოდ სწრაფად — ჯგუფის გათვლების მიხედვით, ათობით და ასობით წელიწადში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ცერერას წიაღიდან ის წარმოუდგენლად უახლოეს წარსულში უნდა იყოს ამოსული.
თუმცა, ზედაპირზე დალექილი სხვადასხვა მარილები შეიცავს კიდევ ერთ მინიშნებას — ისინი სხვადასხვა წყაროებიდან უნდა მოდიოდეს.
პირველ რიგში, დარტყმის სიცხემ გაადნო გარკვეული რაოდენობის ყინული, რომლის დინებამაც კრატერს შიგნით რელიეფი შეცვალა, მარილები დალექა ცერელიასა და პასოლას ჩირაღდნებში. ამის შემდეგ, უფრო ნელა, ზედაპირზე ამოვიდა მლაშე წყალი ღრმა რეზერვუარიდანაც, რომელიც ასევე დაილექა ამ ჩირაღდნებში, კრატერის ფსკერზე კი მთლიანად მან წარმოქმნა უფრო თხელი ვინალიის ჩირაღდანი.
ეს ყველაფერი საკმაოდ თავბრუდამხვევ სურათს ხატავს. ცერერა იმაზე გაცილებით უცნაური და კომპლექსურია, ვიდრე ჩვენ ვიცით და ამ თვალსაზრისით, დგას იუპიტერისა და სატურნის მთვარეების — ევროპას, განიმედეს, კალისტოს, ენცელადის, ტიტანისა და მიმასის გვერდით; არ დაგვავიწყდეს ჯუჯა პლანეტა პლუტონიც, რომელსაც სავარაუდოდ ასევე აქვს ზედაპირქვეშა ოკეანე.
ამ დრომდე იდუმალებით არის მოცული, როგორ წარმოიქმნა და საიდან მოვიდა ცერერა. ამ საიდუმლოს ახლა უკვე შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი — როგორ ინარჩუნებს ის საკმარის სითბოს იმისათვის, რათა ჰქონდეს ზედაპირქვეშა თხევადი წყლის რეზერვუარი ან ოკეანე.
ამ ეტაპზე, ნასა ცერერას მისიას აქტიურად განიხილავს და დეტალებს 2023 წელს გვამცნობს. ნამდვილად საოცარი შედეგები შეიძლება მივიღოთ ამ ჯუჯა პლანეტაზე მავალის ან ნინუშების ჩამოსატანი მისიის გაგზავნით.
კვლევები გამოქვეყნდა ჟურნალებში: Nature Astronomy, Nature Geoscience და Nature Communications.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.