შეურჩიეთ სახელი მზის სისტემის უდიდეს უსახელო ობიექტს - ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ
შეურჩიეთ სახელი მზის სისტემის უდიდეს უსახელო ობიექტს - ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ

ნეპტუნს გადაღმა, მზის გარშემო მოძრაობს ერთი ჯუჯა პლანეტა, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს.

ეს ციცქნა პლანეტა 2007 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ, მეცნიერები მას 2007 OR10-ს უწოდებენ. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ უფრო მარტივი სახელის დარქმევის დრო დადგა და შესარჩევად საზოგადოებას მიმართავენ. შეთავაზებული ვარიანტებიდან, საბოლოო ვერსიას საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი შეარჩევს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ სპეციალურ ვებგვერდზე. არჩევანის გაკეთება სამ სახელს შორის მოგიწევთ — გონგონგი, ჰოლი და ვილი. ამის მიცემა 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.

2007 OR10 მდებარეობს მზის სისტემის კოიპერის სარტყელში — ნეპტუნსგადაღმა რეგიონში, რომელიც სავსეა პატარა ყინულოვანი სხეულებით; სწორედ ეს რეგიონია პლუტონის სამშობლოც. ჯუჯა პლანეტის ზუსტი ზომა მეცნიერებმა ჯერ არ იციან, მაგრამ ფიქრობენ, რომ მისი დიამეტრი 1250 კილომეტრია, რითაც ჩამორჩება ისეთ ჯუჯა პლანეტებს, როგორებიცაა ერისი და პლუტონი, მაგრამ შედის კოიპერის სარტყლის 10 ყველაზე დიდი ობიექტის სიაში.

ამ ობიექტს საკმარისი ზომა აქვს იმისათვის, რათა ჯუჯა პლანეტად ჩაითვალოს. სავარაუდოდ შედგება ყინულისა და ქანებისგან და აქვს ერთ-ერთი ყველაზე მეტად წითელი ზედაპირი კოიპერის სარტყელში ამ დრომდე აღმოჩენილ სხვა ობიექტებს შორის. მკვლევართა აზრით, წითელი შეფერილობა გამოწვეული უნდა იყოს მის ზედაპირზე არსებულ მეთანის ყინულზე მზის სხივების მოქმედებით.

თავად ყინული შესაძლოა მიუთითებდეს კრიოვულკანიზმზე, ანუ ყინულის ვულკანურ აქტივობაზე, რასაც სავარაუდოდ, პლანეტის წიაღიდან ზედაპირზე ამოაქვს თხევადი წყალი, რომელიც შემდეგ იყინება.

შეთავაზებული სამი სახელი მეცნიერებმა ჯუჯა პლანეტის ფერსა და შემადგენლობაზე დაყრდნობით შეარჩიეს. გონგონგი ჩინური წყლის ღმერთია, წითელი თმითა და გველის კუდით; ჰოლი გერმანიკული ზამთრის ნაყოფიერების ქალღმერთია. მითოლოგიის მიხედვით, თოვლი მაშინ მოდიოდა, როცა ის საკუთარ საწოლს ანჯღრევდა. და ბოლოს — ვილი სკანდინავიური ღმერთია, რომელმაც თავის ძმებთან ერთად დაამარცხა ყინულის გიგანტი იმირი და მისი სხეული სამყაროს შესაქმნელად გამოიყენა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.