შორეულ ვარსკვლავურ სისტემაში მზის სისტემის მსგავსი მახასიათებლები აღმოაჩინეს
შორეულ ვარსკვლავურ სისტემაში მზის სისტემის მსგავსი მახასიათებლები აღმოაჩინეს

რამდენად ტიპურია ჩვენი მზის სისტემა? ეს კითხვა პლანეტურ მეცნიერებს თავგზას ურევს, მაგრამ ანალოგიურ მახასიათებელთა პოვნა სხვა პლანეტურ სისტემებში საკმაოდ რთულია. თუმცა, სულ ახლახან, ასტრონომებმა ერთ-ერთი ასეთი იპოვეს — კოიპერის სარტყლის მსგავსი მახასიათებელი ჩვენგან 320 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთან.

მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ ვარსკვლავ HD 141569A-ის გარშემო მოძრავი შიდა სარტყლის პირველი პოლარიმეტრიული აღმოჩენა. ის ახალ დეტალებს გვაწვდის პლანეტური განვითარების გადამწყვეტი პერიოდის შესახებ.

ვარსკვლავი HD 141569A ფრიად საინტერესო და კარგად შესწავლილი ობიექტია. მიეკუთვნება სამმაგ სისტემას და ჰყავს ორი ძალიან ბებერი კომპანიონი ვარსკვლავი, ორივე წითელი ჯუჯა, რომლებიც სიცოცხლის მიწურულს იმყოფებიან. თუმცა, HD 141569A მხოლოდ 5 მილიონი წლისაა, აქვს ჩვენს მზეზე სამჯერ მეტი მასა, სინათლის ლურჯი სპექტრი, არის ცხელი და კაშკაშა.

1999 წელს, ამ ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო ორი რგოლისგან შედგენილი დისკო აღმოაჩინეს. ერთი რგოლი მისგან 220 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული, მეორე კი 360 (ასტრონომიული ერთეული ეწოდება მანძილს მზესა და დედამიწას შორის). ეს რგოლები წარმოადგენს ვარსკვლავის ფორმირების დროს მის გარშემო მოძრავი მატერიის ნარჩენებს. დროთა განმავლობაში, ამ მატერიის ნაწილაკები ერთმანეთს ეწებება და წარმოიქმნება პლანეტები.

HD 141569A-ის დისკოში ორ რგოლს შორის არსებული ნაპრალი მიუთითებს, რომ იქ პლანეტა დაიბადა და ორბიტაზე არსებული მთელი მატერია მისმა გრავიტაციამ შეისრუტა.

მზის აკრეციის დისკოს ნარჩენები აქაც გვაქვს, მზის სისტემაში; ისინი 4,6 მილიარდი წლის წინანდელია, ეკუთვნის მზის ფორმაციის პერიოდს. ჩვენ მას კოიპერის სარტყელს ვუწოდებთ და წარმოადგენს ნეპტუნის ორბიტის გადაღმა მდებარე ყინულოვან ნარჩენთა დისკოს. მზისგან 39,5 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარე პლუტონიც კოიპერის სარტყელს ეკუთვნის.

ამ პლანეტური აკრეციის პროცესის დასასრულისკენ, რჩება ის, რასაც ნაშალთა დისკოს უწოდებენ და შეიძლება, ის ასობით ასტრონომიული ერთეულის მანძილზე გავრცელდეს. დისკო HD 141569A-ის გარშემო ჰიბრიდულია — იმყოფება გარდამავალ ეტაპზე პროტოპლანეტურ დისკოსა და ნაშალთა დისკოს შორის.

ჰიბრიდული დისკოები ფრიად მომხიბვლელია პლანეტურ მეცნიერთათვის, რადგან გვიყვებიან, როგორ წარმოიქმნება გაზის გიგანტი პლანეტები, ასევე, როგორ ურთიერთქმედებენ მზარდი პლანეტოშენადედები დისკოში არსებულ გაზთან და მტვერთან.

ახლახან, ვარსკვლავის გარშემო რეგიონში მიმოფანტული და დაკლაკნილი ელექტრომაგნიტური რადიაციის შესწავლის შედეგად, კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა HD 141569A-ის გარშემო გადაიღო ასეთივე დისკო, რომელიც ვარსკვლავისგან 44 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.

შედეგად, მათ იპოვეს არა მხოლოდ პლანეტის ფორმაციის მტკიცებულება, არამედ მინიშნებაც, რომ დისკოში ვარსკვლავთან უფრო ახლოს არის რგოლის სხვა სტრუქტურაც.

კონკრეტულად კი, მათ იპოვეს სპირალური მკლავი — მახასიათებელი, რომელიც სულ რამდენიმე სხვა პროტოპლანეტურ დისკოშია აღმოჩენილი; HD 141569A-ს ორ სხვა გარე მკლავთან ერთად, წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ იქ პლანეტა ფორმირდება. სპირალური მკლავის მახასიათებლებზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პლანეტას დაახლოებით იუპიტერის მასა ან ცოტა ნაკლები უნდა ჰქონდეს.

პლანეტის წარმომქმნელი მტვრის ტიპის დასადგენად, ასტრონომებმა შემჩნეული ემისიები მოდელებს შეადარეს. ყველაზე საუკეთესო მოდელებითაც კი, მიუთითებდა ემისიებზე, რომელთა აღრიცხვაც ვერ ხერხდებოდა.

თუმცა, როცა გამოთვლებში ჩართეს ვარსკვლავთან უფრო ახლოს მდებარე სხვა რგოლიც, პრობლემა გადაიჭრა. 5-15 ასტრონომიულ ერთეულზე მდებარე სარტყელი ემისიას მშვენივრად წარმოქმნიდა.

ამ აღმოჩენას საკმაოდ ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენი მზის სისტემის შესახებაც — რამდენად ჩვეულებრივი ან უჩვეულოა ის.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია arXiv-ზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.