ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და საზოგადო მოღვაწე ეხმაურება
სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და საზოგადო მოღვაწე ეხმაურება. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამძიმრის წერილი Twitter-ის პირად გვერდზე განათავსა.
„ჯონ მაკკეინის ცხოვრება ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ არსებობს უსაზღვრო სიმართლე, გამბედაობა, სიმამაცე. მისი მოღვაწეობის შედეგები ამერიკაზე ჯერ კიდევ ისახება. ეს კიდევ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება. ცხოვრების ბოლოს ის საზარელ დაავადებას ებრძოდა, თუმცა არასდროს დავიწყებია ის, რისიც ყველაზე მეტად სწამდა – ქვეყანა უპირველეს ყოვლისა“.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში
„ზოგი ადამიანის ცხოვრება იმდენად მკაფიოა, რთულია იმის გააზრება, რომ ის მთავრდება. ზოგის ხმა იმდენად ძლიერია, რომ მათი ჩაჩუმება ძალიან რთულია. ჯონ მაკკეინს ჰქონდა ღრმა რწმენა და უმაღლესი ხარისხის პატრიოტი იყო. ჩემთვის კი ის კარგი მეგობარი იყო, რომელიც ძალიან მომენატრება“.
ჯორჯ ბუშ უფროსი
„ჯონ მაკკეინი უმაღლესი დონის პატრიოტი იყო, რომელსაც უიშვიათესი გამბედაობა ჰქონდა. ძალიან ცოტა აკეთებს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იმდენს, რამდენსაც ის აკეთებდა“.
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო
„ჯონ მაკკეინი ამერიკელი პატრიოტი და გმირი იყო. მან ცხოვრება სამშობლოს სამსახურს შესწირა და მილიონობით ამერიკელის შთაგონების წყარო გახდა. დღეს კანადელები ამერიკელებს ჯო მაკკეინის ცხოვრების ზეიმსა და მისი გარდაცვალების გლოვაში უერთდებიან“.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი
„სენატორი ჯონ მაკკეინი ავსტრალიის კარგი მეგობარი იყო. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის ძალიან ბევრს აკეთებდა. მისი რწმენა და გამბედაობა ურყევი იყო. ჩვენ ლოცვებითა და ფიქრებით მაკკეინის მეუღლის, სინდისა და მისი ოჯახის გვერდით ვართ“.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი
„დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის გააკეთე ჩვენი ტყვეობის პერიოდიდან თავისუფლების მოპოვებამდე. დიდი მადლობა, რომ გმირი იყავი და გვასწავლე სწორად მართვა“.
კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსი
„ფიქრებით მაკკეინის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების გვერდით ვართ. მისი გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია“.
ჯორჯ სოროსი
„გავიხსენოთ ჯონ მაკკეინი, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი, მამაცი მეომარი, რომელიც რეპრესიებისა და წამების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა“.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.