ჯონ მაკკეინი ანაპოლისში, სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალეს
ჯონ მაკკეინი ანაპოლისში, სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალეს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, იმ სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალეს, რომელიც მან 1958 წელს დაამთავრა. მაკკეინი მისი საუკეთესო მეგობრის, ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით დაასაფლავეს. ჯონ მაკკეინის ოჯახის წევრების თხოვნით, საზოგადოებისა და მედიისთვის დაკრძალვა დახურული იყო.

ვაშინგტონში, წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში გუშინ ჯონ მაკკეინისადმი მიძღვნილი გამოსამშვიდობებელი მსახურება გაიმართა. ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ მისი ქვრივი სინდი მაკკეინი, შვილები და 106 წლის დედა. ამასთან, ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, სხვადასხვა დარგის მოღვაწეები, სასულიერო პირები მთელი მსოფლიოდან.

მსახურებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი. ამერიკული მედიის ცნობით, სწორედ მაკკეინის სურვილი იყო, მის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშს წარმოეთქვათ.

ამასთან, ჯონ მაკკეინის უკანასკნელი სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვის ცერემონიას არ დასწრებია აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომლებიც აშშ-ში ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩასულ ოფიციალურ დელეგაციაში არიან.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.