იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე დანიშნა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე დანიშნა. მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, უვადოდ, ნაწილი კი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში 99 ვაკანსია იყო გამოცხადებული, სულ 68 კანდიდატის განაცხადი იყო შესული.

კანდიდატებმა საბოლოო კენჭისყრამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარეს და ქულებით შეფასდნენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით იყო გარკვეული ხარვეზები.

ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით საბჭოს რამდენიმე წევრს შორის წინასწარი შეთანხმება იყო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან მუდმივად მიმდინარეობს საუბარი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი არის მოსამართლე. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები იყო. არის ერთგვარი შემთხვევები, სადაც გარკვეული ეჭვები არსებობს. აშკარაა, რომ საბჭოს წევრები, განსაკუთრებით საუბარი არის ძირითად უმრავლესობაზე მოსამართლეებზე და რამდენიმე არამოსამართლე წევრზე, რომ ისინი არიან წინასწარ შეთანხმებულები, რადგან ის ხმები და ის ქულათა ჯამები, როგორც საბოლოოდ შედეგებმა ცხადყო, პირდაპირ ამაზე მიუთითებს. თუმცა არის რამდენიმე ძალიან ღირსეული მოსამართლე, რომელიც დაინიშნა და რაც სასიხარულოა, მაგრამ არ არის დიდი რაოდენობა“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, რაიმე შეთანხმება საბჭოს წევრებს შორის, ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, არ ყოფილა.

„კანონით განსაზღვრულია ორი ძირითადი კრიტერიუმი – კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, შესაბამისად, თითოეული დანიშნული მოსამართლე ზედმიწევნით აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს. კენჭისყრა იყო ფარული, აქედან გამომდინარე, ამ პროცესს საბჭოს წევრებს შორის შეიძლება გარკვეული კონსულტაციები წინასწარ უძღოდა, მაგრამ რაიმე შეთანხმება საბჭოს წევრებს შორის, ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, არ ყოფილა“,- განაცხადა გვრიტიშვილმა.