მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი და საბჭოს მდივანი აირჩიეს
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი და საბჭოს მდივანი აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი და საბჭოს მდივანი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე, საბჭოს მდივნად კი ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს.

როგორც კინფერენციის დასრულების შემდეგ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, საბჭოს წევრების და მდივნის არჩევა აბსოლუტური უმრავლესობით მოხდა.

ამასთან, ლევან მურუსიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. ვეტინგის თემასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, კონფერენციაზე მოსამართლეები იყვნენ ერთსულოვნები იმ საკითხში, რომ, რეალურად, ე.წ. ვეტინგი არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და მიმართულია სასამართლოს დამორჩილებისკენ.

„დღევანდელი დღე იყო ძალინ მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს ალბათ დაკავშირებული იყო ე.წ. ვეტინგის საკითხთან. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ მოსამართლეს მიეღო კონფერენციაში მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია იყო ყველაზე ხალხმრავალი კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება „ვეტინგის“ თემას, მოსამართლეები იყვნენ ერთსულოვნები, რომ, რეალურად, ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და მიმართულია სასამართლოს დამორჩილებისკენ“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობდა.