შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს და ამ მხრივ წვლილი შეიტანოს რეკომენდაციების შესრულებაში
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს და ამ მხრივ წვლილი შეიტანოს რეკომენდაციების შესრულებაში

კენჭსაყრელ საკითხებში კვლავ გვრჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხი კანდიდატურიდან ორის არჩევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ საკითხზე უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე სამი წევრი უკვე აირჩია, რაც ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა.

„ევროპულმა კომისიამ მოგვიწოდა, დარჩენილი ორი ვაკანსიაც შევავსოთ. ოთხი კანდიდატურა, უკვე ნახევარი წელია, რაც ჩვენს დღის წესრიგშია. არცერთ ამ კანდიდატურაზე რაიმე ნეგატიური, ობიექტურად დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი მოსაზრება არ მომისმენია. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ მხრივ თქვენი წვლილი შეიტანოთ რეკომენდაციების შესრულებაში“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.