იაგო ხვიჩია - მხარს დავუჭერთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც „ქოცები“ იტყვიან, თუ შემოიღებენ ნაფიც მსაჯულთა იმ წესს, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს
იაგო ხვიჩია - მხარს დავუჭერთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც „ქოცები“ იტყვიან, თუ შემოიღებენ ნაფიც მსაჯულთა იმ წესს, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს

ჩათვალეთ, კონსულტაციებში ჩვენ უკვე ჩართული ვართ. საჯაროდ შეთავაზება გვაქვს გაკეთებული, რომ მხარს დავუჭერთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც „ქოცები“ იტყვიან, თუ შემოიღებენ ნაფიც მსაჯულთა იმ წესს, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი შეთავაზებას თუ დათანხმდება, სანაცვლოდ, ვისაც იტყვიან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის იმ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

„ადამიანს, რომელსაც პატიმრობა ემუქრება, უფლება აქვს, მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ჩვენ მაინც არ გვჯერა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რამე ეშველება, ამიტომ თუ ჩვენს შეთავაზებას დაეთანხმებიან, ამ ცვლილებას შემოიტანენ, სანაცვლოდ, ვისაც გვეტყვიან, იმას ავირჩევთ. ეს არის პირობა, ჩვენი პოზიცია საჯაროდ ნათქვამია. ეს იქნება, რითიც პროცესის დასრულებამდე ვიმოძრავებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, როგორ იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით პროცესები სასაცილოდ წარიმართა. „ძალიან სასაცილო და გასართობი პროცესი იყო, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავს რომ არ ხდებოდეს ეს ამბავი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.