იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას სუბიექტურს უწოდებს 
იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას სუბიექტურს უწოდებს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, უნდობლობას უცხადებენ.

როგორც იუსტიციის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, კვლევაში დრამატული სურათია წარმოდგენილი სასამართლოში კორუფციის კუთხით არსებული ვითარების შესახებ, თუმცა კვლევის ავტორები აღიარებენ, რომ ბოლო წლებში მართლმსაჯულების ხარისხის მაჩვენებლები გაუმჯობესდა.

„კვლევის ავტორებიც, ჩამოთვლილი ანგარიშებიც და კვლევაში მონაწილე „ანონიმური“ პირებიც კი აღიარებენ იმ ობიექტურ რეალობას, რომ ბოლო წლებში მართლმსაჯულების ხარისხის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რომ 2012 წლის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად გაზრდილია გამამართლებელი განაჩენებისა და სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი, რომ განახევრებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევები, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დონე რეალურად გაზრდილია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოსადმი მომართვიანობის მუდმივი ზრდა, საზოგადოების ნდობის მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს, აღნიშნულის ფონზე შეუსაბამოდ გამოიყურება და გარკვეულ ეჭვებს აჩენს კვლევის შედეგები

„აშკარა და თვალშისაცემია ავტორთა მიკერძოებულობა. სასამართლოში კორუფციის რისკების დასასაბუთებლად არ არის წარმოდგენილი არც ერთი დადასტურებული ფაქტი და მტკიცებულება. კვლევა შეიცავს მითითებას ერთეულ შემთხვევებზე, რომლებიც გადა იმისა რომ დაუდასტურებელია, არ შეიძლება იქნეს განზოგადებული. ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობა განაპირობებს კვლევის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ მათ მოსაზრებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მხედველობაში გვაქვს მოსაზრებები მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფებზე, მოსამართლეების მიმართ სასამართლოს თავმჯდომარეთა ზეგავლენაზე, სასურველი კონტაქტებით საქმეების გადაწყვეტის შესაძლებლობაზე და ა.შ. ამასთან, შეფასებები გაკეთებულია შვიდ ადამიანთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე, რომელთა ვინაობა (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) კონფიდენციალურია და აჩენს ეჭვებს მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია შვიდი  ადამიანის გამოკითხვით ობიექტური ინფორმაციის მიღება სასამართლო სისტემაზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ასობით ათასი საქმეა განხილული. გაურკვეველია, რა კრიტერიუმით შეირჩა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სუბიექტური შეფასებები და მოსაზრებები თითქმის ყველა საკითხს შეეხება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.