„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სუს-ის სრულფასოვანი ზედამხედველობისთვის პარლამენტში სპეციალიზირებული სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სუს-ის სრულფასოვანი ზედამხედველობისთვის პარლამენტში სპეციალიზირებული სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

ევროკომისიის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობა შეზღუდულია და, მისი რეკომენდაციით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემაზე, მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, – ამის შესახებ აღნიშნულია არასმთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს.

„საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე, იმ ცხრა პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ თავის გეგმაში მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება ასახა, რაც არასაკმარისია ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.

ამ მოთხოვნების სრულფასოვნად შესრულება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა არ დაბრკოლდეს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

ევროკომისიის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობა შეზღუდულია და, მისი რეკომენდაციით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემაზე, მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

ევროკომისიის მოთხოვნების საპასუხოდ მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს.

უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობისათვის პარლამენტის მაკონტროლებელ სტრუქტურას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება. ოპოზიციის როლი კონტროლის პროცესში ფორმალური ხასიათისაა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განმარტავს, უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისთვის მიზანშეწონილია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისთვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზირებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით) და შემადგენლობა განისაზღვროს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად; ამ სტრუქტურას უნდა ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის წარმომადგენელი და მის წევრებს სრული დაშვება ჰქონდეთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე; სპეციალიზირებული სტრუქტურის მაკონტროლებელი მანდატი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყველა სფეროს; სპეციალიზირებულ სტრუქტურასთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება. წინადადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.