შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიზანია ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა
შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიზანია ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს საარჩევნო მიზნები, მისი მიზანია „ქართული ოცნების“ ჩამოცილება ხელისუფლებისგან და მათგან ეს არაერთხელ გვსმენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დღევანდელ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობა შეზღუდულია და ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს“.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტში არის ნდობის ჯგუფი, რომელიც იმ საკითხებით არის დაკავებული, რაზეც ორგანიზაცია საუბრობს და მასში ოპოზიციაც არის.

„„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი შარშან, შემოდგომაზე პანელურ დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას, სადაც, იქვე, „სოროსის ფონდის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ცვლილება. ეკა გიგაური იყო იმ პანელზე და რაიმე პრეტენზია ამ პოსტულატთან არ ჰქონია. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიზანია ხელისუფლების შეცვლა. ასეთი იდეები სწორედ ამას ემსახურება, რომ ოპოზიცია, ,,ნაციონალური მოძრაობა“ მოიყვანონ ხელისუფლებაში.

რაც შეეხება უსაფრთხოების სექტორზე მონიტორინგს, იცით, რომ პარლამენტში არის ნდობის ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციაც არის წევრი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არის ამ ნდობის ჯგუფის წევრი. ნდობის ჯგუფი ზუსტად იმ საკითხებითაა დაკავებული, რაზეც ორგანიზაცია საუბრობს. ამ ნდობის ჯგუფმა ჩაატარა 14 სხდომა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არცერთ სხდომას არ დასწრებია. ინტერესიც არ აქვთ მათ, არათუ რაიმე კონტროლზე ჰქონდეთ საუბარი. ნებისმიერი ასეთი მცდელობა იმ „ენჯეოებისგან“, რომელიც დაკავებული არიან ხელისუფლების ცვლილებით, და შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2022 წლის ივნისში იყო თანაორგანიზატორი აქციისა, რომელიც ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ითხოვდა, მათ დაეკომპლექტებინათ მთავრობა, ჰქონოდათ ვეტოს უფლება მთავრობის დაკომპლექტებაში და, შესაბამისად, მათ საარჩევნო მიზანი აქვთ, შეცვალონ ხელისუფლება“,  – განაცხადა პაპუაშვილმა.