იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას განიხილავენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას განიხილავენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას განიხილავენ. რეკომენდაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ იურისტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატების შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარს შეეხება. ასევე, განხილვის თემაა ღია საზოგადოების ფონდის წერილიც. სხდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ესწრება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო ინფორმაციის გავრცელებაზე დროს აჭიანურებს, რადგან არ უნდათ რომ ხარვეზები გამოჩნდეს.

„უკვე მეორე სხდომაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს, გასცეს თუ არა საჯარო ინფორმაცია, ეს არის დროის გაჭიანურების მცდელობა და გამოუვიდათ, რადგან თვე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია უნდა გაეცათ.

დროის გაწელვა აწყობს იუსტიციის საბჭოს მდივანს, რადგანაც თვითონ კონკურსანტია, ასევე აწყობს იმ კლანს, რომელსაც უნდა, რომ თავისი ხალხი გაიყვანონ, ვინაიდან რამდენიმე დღეში გასაუბრებებს ვიწყებთ და რაც უფრო გადის დრო, ეს ინფორმაცია მით უფრო კარგავს ფასს. ახლაც რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს საბჭომ, კანონი უკვე დაარღვიეს და დაგვიანებულიც არის. საუბარია კანდიდატურების შემოტანილ ინფორმაციაზე, განაცხადი, დოკუმენტები, სამოტივაციო წერილები. საბჭო მალავს, რადგან მიქაუტაძეს ხარვეზით შევსებული განაცხადი აქვს და ეს რომ სააშკარაოზე გამოიტანონ, ამის სურვილი არ აქვთ და ურჩევნიათ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მეორე მიზეზი ის არის, რომ ეშინიათ ისეთი ხარვეზები არ აღმოჩნდეს ამ განაცხადებში და ისეთი შეფასება არ დადონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ თვალსაჩინო იყოს, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიკერძოებულად, როდესაც 50 კანდიდატი შეარჩიეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები დაცულია და მას ვერ გაასაჯაროებდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების მოსმენის გარეშე.

„ეს არის მორიგი ცილისწამება. ჩვენი აზრით, პერსონალური მონაცემები არის დაცული კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების მოსმენის გარეშე ამ ინფორმაციას ვერ გავასაჯაროებდით. ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს არის. თუ დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორი ცალსახად დაუდასტურებს საბჭოს, რომ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არ დაარღვევს პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დღესვე გასაჯაროვდეს ეს ინფორმაცია. ჩვენ ეს პერიოდი ვმსჯელობიდით და გვქონდა კონსულტაციებიც. რაც მთავარია, ეს ინფორმაცია გასაუბრებების დაწყებამდე გასაჯაროვდება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.