იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. საბჭოს წევრები 28 კანდიდატს გაესაუბრებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„უკვე მეორე დღეა იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს. გამომსვლელთა შორის საკმაოდ ძლიერი კანდიდატებიც არიან. წინასწარ შეფასება და ფავირიტებზე საუბარი ვფიქრობ, არასწორი იქნება, რადგან აუცილებლად უნდა დავასრულოთ გასაუბრების ეტაპი, რის შემდეგ, ალბათ, საბჭოს თითოეული წვერი შეაფასებს და ჩამოაყალიბებს თავის მოსაზრებას კანდიდატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, ყველაზე ხშირად, კანდიდატებთან კითხვები იმ საკანონმდებლო აქტთან მიმართებაში ისმის, რითაც უნდა იხელმძღვანელოს მომავალში ინსპექტორმა.

„ყველაზე ხშირი არის რა თქმა უნდა, უშუალოდ იმ საკანონმდებლო აქტიდან გამომდინარე შეკითხვები, რომლის საფუძველზეც უნდა იმოქმედოს და განახორციელოს საქიმოანობა ინსპექტორმა. ეს არის დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონი, რომლითაც განისაზღვრება პროცედურები, საქმიანობის განხორციელების ეტაპები და ამ საქმიანობაში ჩაბმული თითოეული სუბიექტი, იქნება ეს ინსპექტორი, მოსამართლე თუ სხვა მათი უფლება-მოვალეობები“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღესვე, საბჭოს წევრმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, დამოუკიდებელი კანდიდატის ფუნქციებს. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ინსპექტორის მთავარი ფუნქცია, საზოგადოების წინაშე ვალდებულებაა.

„ეს ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მთელი სასამართლო სისტემა მოქმედებს 2017 წლის 29 მაისს დამტკიცებული სტრატეგიიდან გამომდინარე. მისი ერთ-ერთი მიმართულება არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სასამართლოს განვითარება. ამ მიმართულებაში ერთ-ერთ ცენტრალურ როლს შეიძლება ითქვას იკავებს ინსპექტორი, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. ეს თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, საბჭომ სწორად შეარჩიოს კანდიდატი, რომელიც გამწესდება ამ თანამდებობაზე“, – განაცახდა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად გასაუბრებას უკვე მეორე დღეა მართავს. სულ საბჭო 46 კანდიდატს გაესაუბრება. კენჭისყრა სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.