იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებს კენჭს უყრიან და ახალ ინსპექტორს აარჩევენ.

საბჭოს წევრები არჩევანს რვა კანდიდატს შორის გააკეთებენ, რომელთაც უკვე გაიარეს გასაუბრების ეტაპი. ამ დრომდე უცნობია იმ კანდიდატთა სია, ვისაც სურვილი აქვს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტი დაიკავოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას ამ დრომდე ქეთევან ცინცაძე იკავებდა. პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ცინცაძე პოსტზე ხუთი წლის ვადით იყო არჩეული მან, სხვა თანამდებობაზე ორწლიანი საქმიანობის შემდეგ გადაინაცვლა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში შეიქმნა და ქეთევან ცინცაძე არის პირველი, ვინც ეს პოსტი დაიკავა. მისი ფუნქცია მოსამართლეთა შესახებ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებაა. სწორედ დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას, უნდა გადაეცეს თუ არა საჩივარი საბჭოს განსახილველად. ქეთევან ცინცაძე აღნიშნულ პოსტს 2017 წლის 20 ნოემბრიდან იკავებდა.

გარდა აღნიშნული საკითხისა, დღეს საბჭო კიდევ რამდენიმე ტექნიკურ საკითხს გადაწყვეტს. სულ საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხზე იმსჯელებს. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.