იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანალიზებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა და შედარებულია გასული წლის მაჩვენებელთან.

ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს 2019 წელს 215 დისციპლინური საჩივარი გადაეცა. დამოუკიდებელი ინსპექტორმა დასკვნა მოამზადა მიღებული საჩივრების 87 პროცენტზე. საჩივრები უმეტესწილად შეეხებოდა საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებასა და სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევას.

გარდა ამისა, დოკუმენტში განზოგადებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ სხვადასხვა საჩივრებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნები. ანგარიშში ასახულია მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ ინფორმაცია.
დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშში მიმოხილულია პარლამენტის მიერ ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში დამტკიცებული ცვლილებები. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაიზარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური გარანტიები და უფლებამოსილებები, ხოლო თავად დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა.

ღონისძიებას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მთავარი პრეტენზია, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიმართ აქვს, ეს არის საჩივრების გაჭიანურებული განხილვა და დისციპლინური სხდომების რამდენიმე თვეში ერთხელ ჩანიშვნა. ბრალდებებს პასუხობს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, მისი განცხადებით, დისციპლინური სხდომების იშვიათად ჩანიშვნას ობიექტური მიზეზები აქვს. მათ შორის, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის რეფორმირება. ცვლილებების ძირითადი ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის შემდეგაც განახლდება პროცესი.

მიზეზებზე საუბრობს დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილიც.

„ამ 215 საქმიდან ყველა ელოდება საბჭოს სხდომას. ბოლოს სხდომა გაიმართა 2019 წლის მარტში, თუ რატომ არ ჩატარდა მარტის შემდეგ სხდომა ეს უკვე იუსტიციის საბჭოს გადასაწყვეტია. ვერ ვისაუბრებ შეფერხებაზე. ეს ალბათ, სხვა დატვირთულობის საკითხია. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის დროსაც ვითვალისწინებთ მოსამართლეთა დატვირთულობას“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი სასამართლოს რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა. დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციაა, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში პირველადი მოკვლევის ჩატარება.

ღონისძიება ევროკავშირის სასამართლოს პროექტის ხელშეწყობით იმართება, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ანგარიში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.