ნაზი ჯანეზაშვილი - თუ ჩვენ არ ავირჩევდით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეულ რომელიმე კანდიდატს, იუსტიციის საბჭო კვლავ დაარღვევდა კანონს
ნაზი ჯანეზაშვილი - თუ ჩვენ არ ავირჩევდით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეულ რომელიმე კანდიდატს, იუსტიციის საბჭო კვლავ დაარღვევდა კანონს

„თუ ჩვენ არ ავირჩევდით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეულ რომელიმე კანდიდატს, იუსტიციის საბჭო კვლავ დაარღვევდა კანონს“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭომ ერთხელ ვერ მოახერხა ინსპექტორის შერჩევა, დაირღვა ვადები, ამიტომ არამოსამართლე წევრის მოსაზრებით, ეს იყო ოპტიმალური გამოსავალი.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა დიდი არჩევანი, რადგან კანდიდატები ვერ აკმაყოფილებდნენ კვალიფიკაციის მაღალ სტანდარტებს.

„რეალურად კონკურსი არ იყო ძალიან დიდი და ეს იყო ოპტიმალური გამოსავალი. თუ ჩვენ არ ავირჩევდით რომელიმე კანდიდატს, იუსტიციის საბჭო კვლავ დაარღვევდა კანონს. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის გამოსავალი, ვინაიდან არ იყო მაღალი კონკურენცია. ის კანდიდატები, რომლებიც მოვიდნენ, ჩემზე არ დატოვეს შთაბეჭდილება, რომ ჰქონდათ დისციპლინურ სამართალწარმოებაზე მეტნაკლებად ფართო ინფორმაცია. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ჩემი აზრით, ეს იყო ოპტიმალური გამოსავალი, რომ არ გაგრძელებულიყო კანონის დარღვევა, ვინაიდან აუცილებელი არის, რომ ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა.