იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა. ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცხრა ხმით აირჩია.

ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას ამ დრომდე ქეთევან ცინცაძე იკავებდა. პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ცინცაძე პოსტზე ხუთი წლის ვადით იყო არჩეული მან, სხვა თანამდებობაზე ორწლიანი საქმიანობის შემდეგ გადაინაცვლა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში შეიქმნა და ქეთევან ცინცაძე არის პირველი, ვინც ეს პოსტი დაიკავა. მისი ფუნქცია მოსამართლეთა შესახებ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებაა. სწორედ დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას, უნდა გადაეცეს თუ არა საჩივარი საბჭოს განსახილველად. ქეთევან ცინცაძე აღნიშნულ პოსტს 2017 წლის 20 ნოემბრიდან იკავებდა.