ირინა მილორავა - ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვეა, მუშაობს და პირველი ივლისისთვის მზად იქნება, თუმცა საათობრივი ვაჭრობის გადავადებასთან ერთად დარჩება სატესტო რეჟიმში
ირინა მილორავა - ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვეა, მუშაობს და პირველი ივლისისთვის მზად იქნება, თუმცა საათობრივი ვაჭრობის გადავადებასთან ერთად დარჩება სატესტო რეჟიმში

განცხადება, რომ ენერგეტიკული რეფორმა ჩავარდა, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა, ვინაიდან სწორედ ასეთ განცხადებები აზიანებს ამ რეფორმას, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საათობრივი ვაჭრობა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განაცხადა.

მილორავას თქმით, პირველი ივლისისთვის ბირჟა მზად იქნება, რომელიც რამდენიმე თვეა, სატესტო რეჟიმი მუშაობს. ირინა მილორავას განმარტებით, სატესტო რეჟიმი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ბირჟაზე შესვლას და განცხადების განთავსებას.

„აპრილში გვქონდა გაერთიანებული ტესტირება და ამ ერთობლივ ტესტირებაში მონაწილეობს არა მარტო ბირჟა, არამედ საბალანსო ბაზრის ოპერატორი და ასევე აღრიცხვაც ჩართულია. რაც შეეხება საათობრივი ვაჭრობის გადავადებას, მისი სრულად გაშვებისთვის კიდევ დამატებით ექვსი თვე დაგვჭირდება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე აღებული ბირჟა დღეს უკვე მზად არის, რადგანაც სატესტო რეჟიმში დარეგისტრირებული მომხმარებლები დღესაც მონაწილეობენ ვაჭრობაში“, – აღნიშნა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორმა.

ირინა მილორავას თქმით, ამ რეფორმის ერთი ნაწილია საათობრივი ვაჭრობა და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ბაზრის გახსნა, რაც რამდენიმე სიახლეს მოიცავს.

„პირველი, ეს არის ჰესების დერეგულირება. პირველ იანვარს დაგეგმილი იყო ჰესების დერეგულირება და წელს უკვე დამატებით ერთი ჰესი გავიდა თავისუფალ ბაზარზე, რომელიც 65 მეგავატს ქვემოთ არის. მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ პირველი ივლისიდან ბაზარზე დამატებით 22 მომხმარებელი გადის. დღეს არის 15 მომხმარებელი და ამას ემატება 22 ახალი მომხმარებელი, ანუ ბაზარი იხსნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის საქმიანობების გაყოფა, ე.წ. ანბანდლინგის პროცესი. ეს არის „თელასისა“ და „ენერგოპროს“ საქმიანობების გაყოფა, როდესაც „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ წყვეტენ ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას და ცალკე ყალიბდება მიმწოდებელი კომპანიები. ანბანდლინგის პროცესი დამთავრდა გადაცემის და განაწილების ლიცენზიანტებთან და პირველ ივლისს დასახელდება უნივერსალური მიმწოდებელი“, – განაცხადა ირინა მილორავამ.