თბილისში, ჟვანიას მოედანზე წყალმომარაგების ქსელში ავარიის მიზეზებს სემეკი შეისწავლის
თბილისში, ჟვანიას მოედანზე წყალმომარაგების ქსელში ავარიის მიზეზებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) შეისწავლის, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე ირინე მილორავა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში “ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გამოწვევები განიხილეს. თუმცა გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელიც დედაქალაქს წყლით ამარაგებს, ჟვანიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის გამო. ჟვანიას მოედანზე, კერძოდ მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგების დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოები გუშინ დასრულდა, დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა. მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო, ორი დღის წინ გზა ჩაინგრა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც.
მილორავას განმარტებით, წყლისა და ენერგორესურსების მომწოდებლი კომპანიები გაწეული მომსახურების ხარისხზე სრულად არიან პასუხისმგებელი და თუ მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული ხარისხის მიზნობრივ მაჩვენებლებს არ შეასრულებენ, ეს მათ ტარიფებზე უარყოფითად აისახება. რაც შეეხება ჟვანიას მოედანზე მომხდარ ავარიას, მარეგულირებელი მოცემულ შემთხვევას დეტალურად შეისწავლის.
„კომპანიები აიღებენ პასუხისმგებლობას მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხზე. ისინი ლიცენზიანტი კომპანიები არიან და მათი ლიცენზიის ძირითადი დატვირთვა და შინაარსიც ის არის, რომ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე მხოლოდ თავად არიან პასუხისმგებელი. რაც მოხდა თბილისში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კუთვნილ არეალში, რა თქმა უნდა, კომისიის შესწავლის საგანი იქნება. ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და მათ უფრო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა მოუწევთ, რამ გამოიწვია ამ ტიპის ავარია შეკეთებიდან მეორე დღესვე. ამ საკითხის შესწავლას ბოლომდე მივყვებით“, – განაცხადა მილორავამ.
სემეკ-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წინა წლებთან შედარებით ინვესტიციები ფაქტობრივად გაასამმაგა, თუმცა, როგორც ჟვანიას მოედანზე მომხდარი ავარია აჩვენებს, ეს საკმარისი არ არის და ინვესტიციების მოცულობა უნდა გაიზარდოს. მილორავამ განმარტა, რომ ზოგადად, წყლისა და ენერგორესურსების გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიები დაინტერესებული არიან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და ავარიების შემცირებით.
„ჩვენ ავარიების რაოდენობას ონლაინ რეჟიმში ვადევნებთ თვალს. სპეციალური პროგრამა გვაქვს შექმნილი და დღის განმავლობაში ვხედავთ, სად იყო ავარია, რამდენ ხანში აღდგა, რამდენი მომხარებელი იყო გათიშული და ა.შ. აღნიშნული ავარიები მხოლოდ შესწავლით არ სრულდება, ავარიების ტრენდს კომპანიის ტარიფებზე ექნება გავლენა. ჩვენ ნორმატიული აქტების დონეზე კომპანიებს ვეუბნებით, ვიცით, რომ ხდება ავარიები ქალაქსა თუ სოფელში, მაგრამ ჩვენ გვინდა, დადებითი ტრენდი დავინახოთ. ამიტომ კომპანიებს ვუწესებთ სამიზნე მაჩვენებლებს. თუ მაჩვენებლები არ შესრულდა, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ტარიფის დაანგარიშებისას, კომპანიის მისაღებ შემოსავლებს სოლიდურ თანხას გამოვაკლებთ. ამიტომ ეს კომპანიებისთვის დამატებითი სტიმულია, შეასრულონ არა მხოლოდ ის ვალდებულებები, რაც მიწოდების ნაწილში ეკისრებათ, არამედ პირველ რიგში, სწორედ ასეთი ტიპის ავარიები შეამცირონ“, – განმარტა ირინა მილორავამ.