სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება
სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება. ამის შესახებ თავად მილორავამ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიაში საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ კომისიაში საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებ. და ბოლოს, ყველაზე მთავარი, ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომისიის საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველყოფა და გარკვეულწილად კომისიის მიმართ ნდობის ამაღლება. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიის მონაწილეობა და მინდა, მედიის ყველა წარმომადგენელს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალიან ობიექტური და საინტერესო თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ექვსი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა და ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩემი უფლებამოსილების ვადა იწურება 16 სექტემბერს“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

ამასთან, რაც შეეხება სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, მილორავას თქმით, მისთვის უცნობია, ამ თანამდებობაზე ვის წარადგენს მთავრობა.

„ნამდვილად არ ვიცი, ვის წარადგენს კანდიდატურად საქართველოს მთავრობა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მინდა, წარმატებები ვუსურვო. მას მოუწევს არაჩვეულებრივ გუნდთან მუშაობა ძალიან საინტერესო პერიოდში, რადგან რეფორმების თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი ენერგეტიკაში და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა ირინა მილორავამ.