სემეკ-ის თავმჯდომარე სავარაუდოდ, დავით ნარმანია გახდება
სემეკ-ის თავმჯდომარე სავარაუდოდ, დავით ნარმანია გახდება

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე შესაძლოა, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდეს, რომელიც ამჟამად სემეკ-ის წევრია.

აღნიშნული ინფორმაცია ნარმანიამ დღეს მედიასთან არც დაადასტურა და არც უარყო. მან ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურებიც განმარტა.

„ვერ დაგიდასტურებთ და არც ვუარყოფ. იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი პროცედურები, არც თუ ისე მარტივი, სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა და პარლამენტის გადაწყვეტილება. ასე რომ, ვნახოთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა შეთავაზება, ნარმანია ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება.

„იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი“, – აღნიშნა ნარმანიამ.

სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირინა მილორავას უფლებამოსილება 16 სექტემბერს ეწურება.

მოქმედი კანონით, პრეზიდენტი სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა კი, კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში, მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.