ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ვაშინგტონიდან გაჟღერებულ მუქარებს ცარიელ დაპირებად აფასებს და პასუხის ღირსად არ თვლის. ამის შესახებ საუბარია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ზოგიერთი ამერიკელი მეთაური ძალიან უსაფუძვლოდ საუბრობს. ცარიელი მუქარები, რომელთა ნაწილზე პასუხის გაცემა და სიტყვიერი დაპირისპირება არ ღირს. ყველაზე მკაცრი პასუხი მათ იაფფასიან გამონათქვამებზე ერთიანობისა და წინააღმდეგობის გზაა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტმა აშშ-ს მოუწოდა „ნუ მოქაჩავს ლომის კუდს” , თორემ ვაშინგტონს სანანებელი გაუხდება. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში განაცხადა, რომ თუ ირანი ვაშინგტონის მიმართ მუქარას განაგრძობს, „არნახული შედეგების” პირისპირ აღმოჩნდება.