ჰასან რუჰანი – ირანი მოლაპარაკებების განსაახლებლად მზად არის, თუ აშშ ბირთვული შეთანხმების დატოვების გამო ბოდიშს მოიხდის

13:28, 24.06.2020

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების განსაახლებლად მზად არის, თუ აშშ ბირთვული შეთანხმების დატოვების გამო ბოდიშს მოიხდის. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან მოლაპარაკების შესახებ შეთავაზებები გულწრფელი არ ყოფილა.

რუჰანის თქმით, ირანი აშშ-სთან დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ აშშ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დატოვების გამო თეირანს ბოდიშს მოუხდის.

„ჩვენ აშშ-სთან დიალოგის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმების ფარგლებში საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს და თეირანს 2015 წლის შეთანხმების დატოვების გამო კომპენსაციას გადაუხდის“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო გამოსვლისას.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა 2018 წლის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს ხელახალი სანქციები დაუწესა.

მსგავსი