ირაკლი სესიაშვილი - შეწყალების კომისია ხარისხობრივად არადამაკმაყოფილებლად მუშაობდა
ირაკლი სესიაშვილი - შეწყალების კომისია ხარისხობრივად არადამაკმაყოფილებლად მუშაობდა

შარშან პრეზიდენტმა 800-ზე მეტი პირი შეიწყალა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ყველა სამუშაო დღეს გავითვალისწინებთ, კომისიის თითოეული წევრი დღეში სამ-ოთხ საქმეს უნდა გაცნობოდა, რაც ფიზიკურად შეუძლებლად მიმაჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამიტომ ვთვლი, რომ შეწყალების კომისია ხარისხობრივად არადამაკმაყოფილებლად მუშაობდა. რა თქმა უნდა, შეწყალების მექანიზმი უნდა არსებობდეს, შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა და ამ უფლების წინააღმდეგ არავინ გამოდის, მაგრამ შეწყალების კომისიის საქმიანობაზე გადახედვისას კითხვები ჩნდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკის უკან შინაარსი დგას.

„დამდგარი სამწუხარო შედეგები სწორედ შეწყალების კომისიის არაეფექტური საქმიანობიდან გამომდინარეობდა. კრიტიკის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ კომისიამ არსებული მოცემულობა ადეკვატურად უნდა შეაფასოს და პასუხისმგებლობაც გაიზიაროს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, შეწყალების უფლებით სარგებლობა იმას არ ნიშნავს, რომ სხვას, საზოგადოებას და მათ შორის პარლამენტს კრიტიკის უფლება არ აქვს.

„ჩვენთვის, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, მნიშვნელოვანია არა კრიტიკა, არამედ ის, რომ შეწყალების უფლებით სარგებლობისას პრეზიდენტი და მასთან არსებული შესაბამისი კომისია გარკვეულ კრიტერიუმებს ეყრდნობოდეს. ეს კრიტერიუმები საერთო სახელმწიფო ხედვასთან მაქსიმალურად უნდა იყოს თანხვედრაში“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სტატისტიკურ მონაცემებში გარკვეულწილად, პოლიტიკური ინტერესებიც იკვეთება.

„ამიტომ, სასურველია, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ თუ ასეთი კომისია იარსებებს და იმუშავებს, რაც ასეც უნდა იყოს, ის ადეკვატურ კრიტერიუმებს დაეყრდნოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.