ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციამ წააგო არჩევნები, ახლა, ამ წაგებასთან შეგუება არ უნდათ და სამწუხაროდ, ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავთ
ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციამ წააგო არჩევნები, ახლა, ამ წაგებასთან შეგუება არ უნდათ და სამწუხაროდ, ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავთ

მათ არჩევნები წააგეს, ახლა, ამ წაგებასთან შეგუება არ უნდათ და სამწუხაროდ, ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ოპონენტები ითხოვენ იმას, რაც რეალობას და სიმართლეს არის მოწყვეტილი. მათ არჩევნები წააგეს. რომ აგებდნენ, ეს წინასწარ იცოდნენ, წინასწარი კვლევებით და ასევე, ეგზიტპოლებით. მათ შორის, მათთან ასოცირებული ტელე მედია საშუალება „ფორმულამ“ გამოაცხადა ეგზიტპოლის შედეგები და შეიძლება ითქვას, ერთი-ერთში დაჯდა ის შედეგები, რაც ცესკო-მ დათვალა და არჩევნების შედეგი იყო. ამიტომ, ჩვენ ახლა საქმე გვაქვს რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ, რომ წააგებდნენ. წააგეს, ახლა, ამ წაგებასთან შეგუება არ უნდათ და სამწუხაროდ, ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნები წააგო, ახლა ქვეყანას რევს და ითხოვს, არჩევნები ხელახლა ჩატარდეს, რაც არ მოხდება. 

„ასე წააგეს, მოვიდნენ ახლა, აურიეს ქვეყანა და ითხოვენ, არიქა, არჩევნები ახლიდან ჩაატარეთ, ვიდრე ჩვენ არ მოვიგებთო, ასეთი არჩევნები კი ბუნებაში ვერ ჩატარდება. იმიტომ, რომ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა მილიონამდე ამომრჩეველმა. ეს გამყარებულია, როგორც ეგზიტპოლებით, ასევე წინასწარი კვლევებით და რაც მთავარია, არჩევნების შედეგებით. ახლა, როცა შედეგი დადგა და ეს შედეგი მათთვის მიუღებელია, რადგან თავიანთი ცრუ პოლიტიკური ამბიციები აქვთ, ქვეყნის არევისკენ მიდიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ გამოვა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია საჩივრებით სპეკულირებს.

„წერენ საჩივრებს და პირდაპირ ჰაერიდან მოჰყავთ მიზეზები. მაშინ, როდესაც უშუალოდ არჩევნების დღეს უბნებზე ვერანაირი საჩივარი ვერ დაწერეს, უბრალოდ, წავიდნენ იმ გზით, რომ ყველა უბანზე დაიწყეს გასაჩივრება და ყველა უბნის გადათვლა მოითხოვეს. ამის საფუძველი არ გააჩნდათ, მაგრამ ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდგომ, თქვენ ეთერში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეთქვათ და ციფრი დაესახელებინათ, იცით რა, ათასი საჩივარი დავწერეთ და ყველა განუხილველი დატოვესო. განუხილველი იმიტომ რჩება, რომ აბსურდულ საჩივრებს წერენ და მეორე, არაუფლებამოსილი პირები წერენ ასეთ საჩივრებს. უბრალოდ, სტატისტიკურად უნდათ, საზოგადოებას ელაპარაკონ და ამით მოატყუონ, ვითომ, პრობლემური უბნებია და საჩივრები ამიტომ დაწერეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 60-80 უბანზე პრობლემები მართლაც იყო, რაც არჩევნების დღეს და ხმების დათვლის პროცესში გამოვლინდა, მაგრამ ეს უბნები საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს.

„შესაბამისად, ხდება ამ უბნების თავიდან გადათვლა, რაც მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საოლქო კომისიებმა დაიწყეს ხმების გადათვლა. ცესკო ამ პროცესს აგრძელებს და ასევე, არსებობს სასამართლოს გზა. ეს უბნები გადაითვლება, მაგრამ საერთო ჯამში, საერთო სურათი ვერ შეიცვლება, რადგან 60-80 უბანი გავლენას ვერ მოახდენს. რეალობა რაც არის, ეს ფაქტია და ეს ფაქტი თვითონაც ძალიან კარგად იციან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.