ირაკლი სესიაშვილი - საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, მათ შორის რეფორმების გზით
ირაკლი სესიაშვილი - საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, მათ შორის რეფორმების გზით

საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია. მათ შორის რეფორმების გზით. მე, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ნატო-ში არაერთხელ უსვამენ ხაზს, რომ რიგ რეფორმებში საქართველო გაცილებით წარმატებულია, ვიდრე ნატო-ს წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო აღნიშნულ მიღწევებს იყენებს, რომ „ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება რეალისტური იყოს“.

„ჩვენს სახელმწიფოს სურვილი აქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ბოლო პერიოდის პოლიტიკური შეფასებები, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების, ლიდერების და ნატო-ს ხელმძღვანელობის, იმის იმედს და თითქმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური დრო რაც შეიძლება მალე დადგეს და ჩვენ კონკრეტულად ვიმუშავოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს ერთობლიობაში ძალიან კარგი გზავნილებია, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები გავაძლიეროთ და ამ მიმართულებით ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე ვიყოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია, მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია“.