ირაკლი სესიაშვილი - პოლიტიკური ოპონენტებისა და გარკვეული არასამთავრობოების შეფასებები ტრაგი-კომედიას ემსგავსება
ირაკლი სესიაშვილი - პოლიტიკური ოპონენტებისა და გარკვეული არასამთავრობოების შეფასებები ტრაგი-კომედიას ემსგავსება

როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ისე გარკვეული არასამთავრობოების მხრიდან შეფასებები ცოტა ტრაგი-კომედიას ემსგავსება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„ჩვენი ოპონენტები ძალიან დიდი ხანია, ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ და მოვლენებს ასე აფასებენ. იმიტომ, რომ მოვლენებთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ. თქვენ დაინახეთ, რომ ცესკო-სთან გარკვეულმა აგრესიულმა ჯგუფებმა ღობე გაარღვიეს, პოლიციის მისამართით მძიმე ნივთების სროლა დაიწყეს და სიტუაციის ესკალაცია მოახდინეს. „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის“ შესაბამისად, როდესაც გადაუდებელი ვითარებაა, პოლიციამ თავიდან უნდა აარიდოს შემდგომი საფრთხე მოქალაქეებს, თავად პოლიციას და დაიცვას წესრიგი. პოლიციას გაფრთხილების გარეშე, შესაბამისი პოლიციური ღონისძიებების გატარების უფლება აქვს და მეტიც – ვალდებულება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციამ ეს ოპერაცია ძალიან მაღალი სტანდარტით ჩაატარა ისე, რომ მაქსიმალურად შეამცირა ზიანი, რაც შეიძლებოდა, დამდგარიყო.

„მეტსაც გეტყვით, წყლის ჭავლის გამოყენებით პოლიციამ შეიძლება, ითქვას, აღკვეთა პრევენციულად ის შესაძლო ძალადობა, რასაც შეიძლება, ასეთ ვითარებაში გაგრძელება მოჰყოლოდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო და მე მათ თანავუგრძნობ, მაგრამ იქ, სადაც მომიტინგეები ძალადობენ და პოლიციას თავს ესხმიან, ამ დროს მოქალაქეებს საკუთარი პასუხისმგებლობა და სამოქალაქო თვითშეგნება უნდა ჰქონდეთ, ადგილს უნდა გაეცალონ და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მესმის, რომ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპები და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც უნდა იყვნენ ფრთხილად, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამ განცხადებით ირაკლი სესიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ აფასებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიდგომას, რომ პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ გამოსულა და მხარდამჭერებისთვის არ მოუწოდებია, ძალადობა და ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა შეეწყვიტათ.

„როდესაც ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები გამოდიან და რაღაც არაპროპორციულ ძალაზე გველაპარაკებიან, ჯერ თავიანთი წარსული გაიხსენონ და ისე ილაპარაკონ, მაგრამ როცა ხედავდნენ, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რასაც ელისაშვილი ადასტურებს კიდეც. რა დადასტურება უნდა, ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, მაგრამ მაინც, რატომ ერთი ლიდერი მაინც არ გამოვიდა და მხარდამჭერებს არ მოუწოდა, ძალადობა და ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა შეეწყვიტათ? იმიტომ, რომ ესენი არიან თავად უპასუხისმგებლოები“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მოძალადე პირები შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მიერ პროვოკაციის მოსაწყობად ყოფილიყვნენ მიგზავნილი, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ეს მორიგი ზღაპარია ოპოზიციის პანდორას ყუთიდან.

„დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მეორედ რომ დაიწყეს შეტევა, ლიდერებიც რომ იქ იყვნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, ქვებს, მეტალსა და ცეცხლმოკიდებულ საგანს ესროდნენ, იქ სად იყო გიორგი ვაშაძე? რომელიმე თქვენგანს ერთხელ მაინც გინახავთ, კამერასთან დამდგარიყო და ეთქვა, მომიტინგეებს მოვუწოდებ, ძალადობა შეწყვიტონ, პროვოკატორები არიან და წესრიგი დავიცვათო? მისგან რამე განცხადება მოვისმინეთ? ამ უტიფრებს ეგონათ, იქ რაღაც მუხტს შექმნიდნენ, შენობაში შეიჭრებოდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას მოახდენდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.