იოსებ არჩვაძე - „ფიტჩის“ რეიტინგი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა
„Fitch Ratings“-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული საქართველოს სარეიტინგო შეფასება ნამდვილად იძლევა ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს, – ასეთი შეფასება მისცა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ „Fitch Ratings”-ის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი, ბევრი სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიუხედავად, უცვლელი დარჩა.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, სახელმწიფოთა მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, მათ შორის მათ კრედიტუნარიანობას. საქართველომ მაინც შეინარჩუნა წინა შეფასების დროინდელი დონე BB, ანუ მის ამჟამინდელ რეიტინგზე უკეთესი მხოლოდ ოთხი პოზიციაა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სარეიტინგო შეფასებით საქართველო პროპორციულად გაცილებით წინაა, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების სიაში ეკონომიკური განვითარების მხრივ“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული რეიტინგის მნიშვნელობა კიდევ უფრო ფასეულია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდგომ „Fitch“-მა შეამცირა იმ ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მათ შორის ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, კანადა და სხვა.
„საქართველოს წინა რეიტინგული შეფასების შენარჩუნება, იმ დროს, როდესაც უარესდება მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საკრედიტო რეიტინგი, ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, მთლიანად ბიზნესის წარმოების სიიოლის, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააგენტო დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ქვეყნის ხელისუფლების კორონავირუსის პერიოდში მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისა და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის გადადგმული ნაბიჯების ობიექტური შეფასებაც,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, Fitch Ratings შეფასებას „სიტყვაზე ნდობით“ კი არ ახორციელებს, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) ქვეყანამ მთლიანობაში მოახერხა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება;
ბ) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლის დასაწყისიდან შემცირდა თითქმის 0.6 მლრდ. აშშ დოლარით (574.4 მლნ. აშშ. დოლარით);
გ) ეროვნული ბანკმა ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და შეზღუდული სავალუტო ინტერვენციებით სავალუტო კურსის რყევის შემცირებას;
დ) საქართველოს ხელისუფლებისადმი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან) მაღალი რეპუტაციული ნდობა, რაც გამოიხატა კორონავირუსის პანდემიისთანავე საქართველოსათვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაწეულ ოპერატიულ დახმარებასა და კრედიტების გამოყოფაში.
„რა თქმა უნდა, ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია, როგორიცაა Fitch Ratings, სრულებითაც არაა ჩავარდნილი ხიბლში საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობით. – ისინი კარგად ხედავენ, თუ რა ნეგატიური გავლენა აქვს პანდემიას საქართველოს ეკონომიკისათვის, მისი ფინანსური მდგრადობისა და მიმდინარე ანგარიშისთვის ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორიცაა ტურისტული ინდუსტრია. რომ არა აღნიშნული გარემოება, საქართველოს ეკონომიკა, მისი საფინანსო სექტორი, კრედიტუნარიანობა ნამდვილად შეძლებდნენ უფრო მაღალი სარეიტინგო ადგილის დაკავებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა“, – განაცხადა ექსპერტმა.