ნათია თურნავა - საქართველოს საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება ნიშნავს, რომ ჩვენი მმართველობის ხარისხი „ფიტჩს“ აძლევს შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასოს ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობა
ნათია თურნავა - საქართველოს საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება ნიშნავს, რომ ჩვენი მმართველობის ხარისხი „ფიტჩს“ აძლევს შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასოს ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობა

„ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად, „BB” დონეზე დატოვება, ნიშნავს, რომ გლობალური გაურკვევლობის, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისისა და სირთულეების მიუხედავად, ჩვენი მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები, მათ აძლევთ შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად „BB“- დონეზე დატოვებას.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება მოხდა იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანას დაუქვეითდა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი, რაც, მინისტრის შეფასებით, გასაგებია გლობალური პანდემიის ფონზე.

„საქართველო ამ თვალსაზრისით არის პრაქტიკულად ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანა. „ფიტჩის” შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი. კერძოდ, წელს ვარაუდობენ 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას და ნიშანდობლივია, რომ 2022 წლისთვის, „ფიტჩის” შეფასება უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ზოგიერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და 5.8, ანუ თითქმის 6-პროცენტიან ზრდას ვარაუდობენ უკვე მომავალ წელს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი დიდი სანდოობის ხარისხზე მიუთითებენ ჩვენთან ეკონომიკური სტრუქტურული რეფორმების მიმართ. ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომელიც ამცირებს ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობას და მგრძნობელობას გარე შოკების მიმართ და გარე შოკების მიუხედავად, ეკონომიკა დადებითად განვითარდება“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, „ფიტჩის” ანგარიშში საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ბიზნესგარემოს მიმზიდველობაზეც არის საუბარი.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო შეფასება პოლიტიკურ შოკებთან მიმართებაში. პირდაპირ სიტყვა-სიტყვით წერია „ფიტჩის” ანგარიშში – ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნებში კვლავაც გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, მათ აძლევთ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენთან რეფორმები უწყვეტად გაგრძელდება, ბიზნეს გარემო კვლავაც კეთილსაიმედო და მიმზიდველი დარჩება და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა, ჩვენი რეიტინგი უცვლელად დაეტოვებინათ.

ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც ახლა პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებდნენ ახალ ბაზრებს, რათა განავითარონ თავისი ბიზნესი, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც ძალიან დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ახალი ინვესტიციების განხორციელებას. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და იმ ნდობის ხარისხის შედეგი, რასაც ჩვენს მიმართ ავლენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, კერძოდ, სავალუტო ფონდი ცალკეა აღნიშნული ამ ანგარიშში და ის წარმატება, რა წარმატებითაც მიმდინარეობს სავალუტო ფონდთან ჩვენი ერთობლივი პროგრამა. ეს კურსი გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც აისახება და ითარგმნება მზარდ ეკონომიკურ აქტივობასა და ახალ ინვესტიციებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.