კობა გვენეტაძე - სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გააკეთა მნიშვნელოვანი და ლოგიკური შეფასება, თუ როგორ მუშაობს საქართველოს ეკონომიკური გუნდი
კობა გვენეტაძე - სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გააკეთა მნიშვნელოვანი და ლოგიკური შეფასება, თუ როგორ მუშაობს საქართველოს ეკონომიკური გუნდი

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ლოგიკური იმის, როგორი მაკროეკომომიკური პოლიტიკაც გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდეგი პერიოდი და უკვე ომი, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სწორად არის შეფასებაში აღნიშნული ის დადებითი მომენტები, რაც არის სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება ეროვნული ბანკის მიერ.

„სწორად არის ასევე შეფასებული დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები, სავალუტო რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის მიერ, მიმდინარე ანგარიშოს დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია, რათა მდგრადი იყოს ქვეყნის ფინანსები და ამავე დროს დაეხმაროს ეს ინფლაციის შემცირებას. ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ასევე იმისკენ, რომ მომავალში უკვე მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე და ვფიქრობ, ესეც აუცილებლად მოხდება. როგორც ადრეც აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, ძალიან დიდი ალბათობით, დღეს უკვე საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა საქართველოს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.