ნათია თურნავა - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ
ნათია თურნავა - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ

საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ საერთაშორისო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო ინვესტორების მიმართ, – ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

მინისტრის თქმით, რეიტინგი ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. როგორც თურნავამ აღნიშნა, პირველ რიგში, ეს გამოწვეულია იმით, რომ სწრაფად მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება. მისი თქმით, მყარია ინვესტორთა მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

„ასევე ურყევია ჩვენი ნება, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, სააგენტომ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

ინფორმაციის თანახმად, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტომ დაასახელა მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ძლიერი და დამაჯერებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.